ღირსეული ხელფასი – მშრომელის ხედვა


ავტორი: თეა ნარიმანიშვილი, სოციალური აგენტი, სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრი

ნებისმიერი დასაქმებული ადამიანი, რომელიც ეწევა შრომას სახელმწიფო სტრუქტურაში ან კერძო ორგანიზაციაში მისი შრომის სანაცვლოდ იღებს ანაზღაურებას, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავს გაწეული შრომის ღირებულებას. 

საქართველოში არსებული კანონმდებლობის დონეზე, ვინაიდან მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარით, დამსაქმებლებს სრული თავისუფლება აქვთ ხელფასის დადგენისას. ის არ არის შეზღუდული რის ქვემოთ არ შეიძლება იყოს ხელფასი ან რას უნდა ითვალისწინებდეს შრომის ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოს სპეციფიკა,  მშრომელთა პიროვნული საჭიროებები, პასუხისმგებლობა და სიმძიმე თითქმის სრულად უგულებელყოფილია და ანაზღაურების ზღვარი გადის საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე, მხოლოდ სამუშაო ძალის ფიზიოლოგიურ გადარჩენაზე და კვლავწარმოებაზე. აგრეთვე უთანასწოროა ზემდგომის და ქვედა რგოლებში დასაქმებულთა ხელფასები, რაც საქსტატს მონაცემების შელამაზების საშუალებას აძლევს. მართალია ოფიციალურად 2021 წლის საშუალო ხელფასი 1357 ლარს შეადგენს  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi, მაგრამ რეალურად ქვეყანაში დასაქმებულთა დიდი ნაწილის ხელფასი ახლოსაც ვერ მივა აღნიშნულ ციფრთან. მაგალითისათვის მოვიყვან  ბაღის აღმზრდელების და ძიძების ანაზღაურებას, დაცვის სამსახურის, ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების, ექთნების, დამლაგებლის, მაღაზიის კონსულტანტების, ბანკის თანამშრომლების  და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასს. ასევე ჩემს პირად გამოცდილებას. მე  დასაქმებული ვარ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც 2007 წლიდან 2022 წლის თებერვლამდე საშუალო და ქვედა რგოლის ანაზღაურება (ხელზე ასაღები) 200 ლარიდან 580 ლარამდე იყო.  15 წლის განმავლობაში ხელფასის ცვლილება არ მომხდარა მანამ, სანამ არ გავერთიანდით და არ დავიწყეთ ჩვენი უფლებებისთვის პროფკავშირული ბრძოლა. 

ხელფასი, რომელსაც წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტო გვიხდის არათუ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს, ფიზიკური გადარჩენისთვისაც კი არასაკმარისია. თითოეული მშრომელი ადამიანის უკან დგას ოჯახი, სადაც არასრულწლოვნები, მოხუცები, შშმ პირები ან სტუდენტები ცხოვრობენ. წლების განმავლობაში მენეჯმენტის მხრიდან ირღვეოდა სააგენტოში დასაქმებულთა შრომითი უფლებები. (მაგალითად 1 თვიანი შრომის ხელშეკრულება) თუმცა დასაქმებულთა გაერთიანების მთავარი მიზეზი მაინც დაბალი ანაზღაურება და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის გზის ხარჯის არ არსებობა  გახდა. დამოუკიდებელ პროფკავშირთნ სოლიდარობის ქსელთან ჩვენ შევქმენით სოციალურ აგენტთა პროფესიული გაერთიანება, რომელსაც მოგვიანებით სააგენტოს სხვა დასაქმებულებიც შემოუერთდნენ. ჩამოვაყალიბეთ მოთხოვნები, მივმართეთ სააგენტოს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ალბათ არავისთვის არის ადვილი დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, შესაბამისად არც ჩვენთვის იყო მარტივი. დამსაქმებელი მშრომელთა გაერთიანების წინააღმდეგი იყო.  პირდაპირი თუ ირიბი  ბრძოლები გადავლახეთ. იყო სამსახურიდან გაშვებით დაშინების მცდელობები (მაგ: სატელევიზიო ინტერვიუებში და ფბ. კომენტარებში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადმინისტრაციულ გადაცდომაზე საქმისწარმოების აღძვრა). პროფკავშირი ნიშნავს ერთმანეთისთვის ბრძოლას და ერთმანეთის დაცვას. ვიბრძოლეთ საერთო მიზნებისთვის, ვცდილობდით  პროტესტის უკიდურესი ფორმა არ გამოგვეყენებინა, თუმცა ბოლოს მაინც ამ გზას  მივმართეთ. გაფიცვას წინ ხანგრძლივი პროცესები უძღოდა, შრომითი უფლებების დაცვაში ჩავრთეთ სახალხო დამცველი, შრომის ინსპექცია, მივმართეთ მინისტრსა და უშუალოდ სააგენტოს დირექტორს, თუმცა გაფიცვა აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური. საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს 400 დასაქმებული გაიფიცა. 4 სამუშაო დღე სააგენტოს დიდი ნაწილის პარალიზება მოვახდინეთ, მივიღეთ ხელფასის 60 % ით მატება და სხვა მოთხოვნების ნაწილობრივი დაკმაყოფილება.

მშრომელები მწირი ხელფასის გამო მუდმივ ფინანსურ დეფიციტს განიცდიან, რაც შესაბამისად მათ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე აისახება. დაუსრულებელი კრედიტები ბანკებში, შიდა და გარე მიგრაცია  საარსებო სარჩოს მოსაპოვებლად, ოჯახიდან მოწყვეტა და უცხოეთში გადახვეწა რაც ყველაზე მტკივნეულია,    გამოწვეულია სწორედ    ექსპლუატატორული სახელფასო პოლიტიკით. დღევანდელ რეალობაში  ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი  მხოლოდ კომუნალურ ხარჯს და ნახშირწყლებით გაჯერებულ კვებას ფარავს. მასიურად  მშრომელებისთვის მიუწვდომელია ჯანდაცვის სრულფასოვანი სერვისები, საცხოვრებელი  ფართის შეძენა და კეთილმოწყობა, ტექნიკის შეძენა რომელიც  თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.  ეს არის დღევანდელი ქართული რეალობა. სახელმწიფოს მხრიდან სახელფასო პოლიტიკა იგნორირებულია მოტივით, რომ საბაზრო ეკონომიკა თვითონ დაარეგულირებს შრომის ფასს,  რაც ქვეყანაში   სიღატაკის დონის ზრდას და სტაბილურად შენარჩუნებას იწვევს. ქვეყნის მოსახლეობის 1/3 დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის პროგრამაში და ითხოვს საარსებო შემწეობას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამსაქმებელი ორიენტირებულია ნაკლები მუშახელით მეტი მოგების მიღებაზე, თუნდაც დასაქმებულის სრული გამოფიტვის ფასად. მოქალაქეების ნაწილი დასაქმების აზრს ვერ ხედავენ, ნაწილი კი იძულებულია ორ და სამ სამსახურს შეეჭიდოს, რათა გამოიმუშაოს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საკმარისი ხელფასი.  თვეში 10 -ჯერ 24 საათიანი მორიგეობა და 300 – 500 ლარი ანაზღაურება დამსაქმებლებისთვის ნორმად ითვლება . ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი დატვირთვაა თვეში 240 საათი შრომა, ხოლო დამატებითი სამსახური და კიდევ დამატებით აღებული მორიგეობის საათები, საცხოვრებელი ხელფასის გამომუშავების მიზნით, არაადამიანურ ძალისხმევას და ფიზიკურ რესურსს მოითხოვს. ერთი სამსახურიდან მეორეში, მეორედან მესამეში დასაქმებულთა გათითოკაცებას იწვევს, მშრომელები გაერთიანებას და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებენ, რაც დამსაქმებელს დამატებით კომფორტს უქმნის და შესაძლებლობას აძლევს მორჩილებაში ჰყავდეს  იაფი მუშახელი.

რამდენი უნდა იყოს   ღირსეული ხელფასი? ჩემი აზრით ეს თანხა უნდა იყოს არანაკლებ 2000 ლარისა.   გარდა სამუშაო ძალის კვლავწარმოებისა, ადამიანს სჭირდება ცხოვრების ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. როგორიც არის ჯანსაღი კვება, განათლება, ტრანსპორტი, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტები,  დასვენება, საცხოვრებელი ფართის შეძენა-მოწყობა, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა, ოჯახის არასრულწლოვანი ანდა მოხუცი წევრების ასევე სხვადასხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა.  არსებული ინფლაციის და მცირე ანაზღაურების გამო მშრომელებს უწევთ ისეთი არჩევანის გაკეთება როგორიც არის მაგალითად წიგნსა და საკვებს შორის, წამალსა და კომუნალურ გადასახადს შორის… საშუალო და ქვედა რგოლებში სწორედ მცირე ანაზღაურება ხდება საზოგადოების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფის მიზეზი. ჩნდება მიუღებლობის და დაბალი თვითშეფასების  განცდა. 

ფინანსური პრობლემები წარმოშობს კიდევ სხვა შვილობილ პრობლემებს, რომელიც ჟაჭვურად არის ერთმანეთზე გადაბმული. მაგალითად: უმუშევრობა, სიღარიბე, უსახლ-კარობა, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მოშლა, ალკოჰოლიზმი, აზარტულ თამაშებში ჩაბმა, ოჯახური კონფლიქტები, განქორწინებები, კრიმინალი, პრობლემები მშობლებსა და შვილებს შორის, განათლების დეფიციტი, მუშახელის ქვეყნიდან გადინება ემიგრაციაში… 

ვფიქრობ გამოსავალი მშრომელთა გაერთიანება და საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლაა. რომელიც მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ დამსაქმებლებზე არამედ მთავრობის დონეზე. რის შედეგადაც სახელმწიფომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და მიიღოს სახალხო  გადაწყვეტილებები. სახელმწიფოს ჩარევა არის აუცილებელი კანონმდებლობის დონეზე. საცხოვრებელი ხელფასით და არა საარსებო მინიმუმით უნდა შეიცვალოს 1998 წელს დადგენილი ხელფასის 20 ლარიანი ქვედა ზღვარი და დაწესდეს დაუბეგრავი მინიმუმი. სახელმწიფომ უნდა აკრძალოს მონური ხელფასის გადახდა და აიძულოს დამსაქმებელი დაიცვას თანასწორუფლებიანობა ყველა დონეზე. მშრომელებს არ  უნდა სჭირდებოდეს ბაზისური უფლებებისთვის ბრძოლა და გაფიცვა. ის უნდა იყოს მთავრობის დონეზე უზრუნველყოფილი და დაცული.