სოციალური მუშაკთა გაერთიანება – ბრძოლა სამართლიანობისთვის


ქეთევან ხუციშვილი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, სოციალური მუშაკი

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ პრაქტიკოს და სტუდენტ სოციალურ მუშაკებს. ჩვენი მანდატის ფარგლებში ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ესენია:

  • სოციალური მუშაკების შრომის პირობებისა და უფლებების დაცვა და მონიტორინგი;
  • საზოგადოებისათვის სოციალური მუშაობის შესახებ სწორი და სანდო ინფორმაციის მიწოდება პოპულარული ენით;

სოციალური დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა საჭიროების მქონე მოქალაქეთათვის.

მიმდინარე წლის მანძილზე ჩავატარეთ არაერთი საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან და მოსწავლეებთან სოციალური მუშაობის სამიზნე ჯგუფების, პროფესიის არსის, მანდატისა და მნიშვნელობის შესახებ.  მსგავსი ღონისძიებების განხორციელება პროფესიის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ცოტა ადამიანს სურს შეისწავლოს პროფესია – სოციალური მუშაობა და ამ მიზეზით დასაქმების ადგილებზე არის კადრების მუდმივი დეფიციტი, რაც სფეროში დასაქმებულთათვის შემდეგად იწვევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობასა და ზეგანაკვეთურ სამუშაოს.

ამავდროულად, სოციალურ მუშაკთა დისკრედიტაციის ფაქტების გამო მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელმაც ეროვნულ მედიაში გაშუქებულ 3 სიუჟეტში დაადგინა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევა, სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან მიმართებაში. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარებით, 2020-2021 წლებში სასამართლოში მოიგო სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 11 საქმე. ნაწილი მათგანი უკვე დაუბრუნდა სამუშაო ადგილს და მიიღო კუთვნილი განაცდური, ხოლო ნაწილის საქმის განხილვა გრძელდება სააპელაციო სასამართლოში.

ასევე, საქმიანობის ფარგლებში, მოვამზადეთ სოციალური მუშაობის შესახებ კანონის 2020-2021 წ.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების 2 ანგარიში.  პირველად საქართველოში დავიწყეთ არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომის პირობებისა და უფლებების მოკვლევა. ჩვენს წევრებს მუდმივად ვთავაზობთ შეხვედრა/სემინარებს და ვაწვდით ინფორმაციას შრომის პირობებისა და უფლებების, დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებისა და პროფკავშირული საქმიანობის შესახებ. ამასთან, ვცდილობთ მათთვის პროფესიულად საინტერესო თემებზე შევთავაზოთ ტრენინგები და სემინარები.