საცხოვრებელი ხელფასი – რამდენია ღირსეული ანაზღაურება ექთნებისთვის?


ავტორი: რევაზ კარანაძე, ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი

COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. სახელმწიფოც და კერძო ჰოსპიტალური სექტორიც, რომლებიც წლების მანძილზე ორიენტირებული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურების საჯარო სიკეთიდან ბიზნესის მოგების ლოგიკაზე გადაყვანაზე, სრულიად მოუმზადებელი დახვდნენ კორონავირუსის პანდემიას.ყოველდღიურად ვკარგავთ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ინფიცირდებიან ათასობით, ხოლო უკვე 160-მდე მედმუშაკი დავკარგეთ. პანდემიის დროს ექთნები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ზრუნავენ პაციენტებზე.

კერძო ჰოსპიტალური სექტორი, რომელსაც წლების განმავლობაში  ჯანდაცვის მომსახურება საჯარო სიკეთიდან ბიზნესის წარმოებასა და მოგების ლოგიკაზე გადაჰყავს, სრულიად მოუმზადებელი დახვდა კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ  გამოვლინდა მათ საკადრო და შრომის პოლიტიკაში. პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“-ს კვლევა („კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება” https://bit.ly/3AUI67y).

არსებული ხელფასები  ექთნების ფიზიკური გადარჩენისთვისაც კი არ არის საკმარისი. უსახსრობის გამო ექთნების 89% საკმარისი რაოდენობისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კვებითი რაციონის  მიღებასაც კი ვერ ახერხებს.

მონოპოლისტი კერძო სექტორი და სახელმწიფო არ ზრუნავენ შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდაზე. ექთნების საშუალო ხელფასი მერყეობს 250-დან 500 ლარამდე. ამავდროულად, განსხვავებულია ხელფასები ქალაქებსა და რეგიონებში (რეგიონებში ხელფასი გაცილებით დაბალია). დაბალი ხელფასების გამო ექთნები მუშაობენ 3 და 4 სამუშაო ადგილზე, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ გადაღლას და პროფესიული შეცდომების დაშვებას, რაც ვნებს პაციენტებს და ზოგადად უარყოფითად აისახება პაციენტებისადმი გაწეული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზეც.

აღსანიშნავია, რომ ექთნების კადრების მძიმე ნაკლებობიდან გამომდინარე ქვეყანაში პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობაც არაპროპორციულია. თუ ერთ ექთანზე უნდა მოდიოდეს 4 პაციენტი, ახლა ეს რიცხვი 11-დან 15 პაციენტამდე გაზრდილი. ამგვარი მოცემულობა შეუძლებელს ხდის ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების გაწევას.

ვითხოვთ საცხოვრებელ ხელფასს, რაც გულისხმობს ღირსეული ცხოვრებისთვის სამყოფ შემოსავალს.

საცხოვრებელი ხელფასი: „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველმყოფი შემოსავალი, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და მათ უნდა  შეძლონ სოციალურ და კულტურულ თანაცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.“

ქთნების საცხოვრებელი ხელფასი უნდა გახდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური საშუალო ხელფასის 130% (მონაცემი ყოველწლიურად შეიცვლება საშუალო ხელფასის ზრდის მიხედვით). ხელფასის ამ ოდენობის განსაზღვრა ემყარება „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული  კვლევის შედეგებს, რომელიც ითვალისწინებს ექთნების ისეთ ბაზისურ ხარჯებს, როგორიცაა ადეკვატური კვება, ტრანსპორტირება, დასვენება, კულტურა, მომსახურება, ტანსაცმელი და კომუნალური გადასახადები. წლიური საშუალო ხელფასის 2020 წლის მონაცემების გათვალისწინებით გაზრდილი ხელფასი უნდა იყოს  1590.25 ლარი. მაგ: 130% *  1227 (2020 წლის საშუალოს) = 1595.49.

დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Uc3OE2 აუცილებელია პროფკავშირული ერთობა, რადგან სამინისტრო და კერძო ბიზნესი კეთილი ნებით მშრომელებს არაფერს დაუთმობს!