ავტორი: სოფიკო ხვთისიაშვილი, სოციალური მუშაკი, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
კვლევა: „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება“
სოციალური მუშაობა ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული აკადემიური დისციპლინა, რომელიც გულისხმობს ინდივიდებთან, ოჯახებთან, ჯგუფებთან და მთლიან საზოგადოებასთან მუშაობას. იგი ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებებსა და განვითარებას და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას. სოციალური მუშაკები მუშაობენ ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიც არიან ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი პირები, ქალები, ბავშვები და სხვა.
სოციალური მუშაობა ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, 20 წელია რაც დაინერგა და უკავშირდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას. მას შემდეგ პროფესიამ მრავალი გზა განვლო, გაფართოვდა, მოიცვა სხვადასხვა უწყება თუ მიმართულება და დღეის მდგომარეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიას წარმოადგენს სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის აღსრულების კუთხით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროფესია 2018 წლამდე არასდროს ყოფილა ერთიან, სისტემურ, მასშტაბურ დარგად მოწესრიგებული. რის გამოც, სოციალური მუშაკის სტატუსი, საქმიანობის შინაარსი, უფლებამოსილებები და ფუნქციები, ყოველთვის განისაზღვრებოდა დამსაქმებლის (სამთავრობო თუ არასამთავრობო) მიერ. და რის გამოც, დღემდე, სოციალური მუშაობის არსი ასეთ ორგანიზაციებში, ზოგჯერ, აცდენილია პროფესიის ძირითად ნორმებსა და ეთიკურ პრინციპებს.
2018 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ მოხდა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ დოკუმენტს პროფესიის განვითარებისა და მისი დისციპლინად ჩამოყალიბების კუთხით. კანონის ძირითადი მიზანია სოციალური მუშაკების მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა და მათი სამართლებრივი გარანტიების დადგენა, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობაზეც. ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევები ხშირად ამბობენ, რომ სოციალური მუშაკების კადრების სიმცირე, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, გადატვირთულობა აფერხებს ბენეფიციართა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების, ქალების თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის დროული და ეფექტური მომსახურების გაწევას.
კანონზე საუბრის დროს, აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას მის სამოქმედო გეგმასაც, რომელიც კანონის აღსრულების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. სწორედ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი ის ამოცანები და ღონისძიებები, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებითა და ვადებით, რომელიც კანონის თითოეულ მუხლს სისრულეში მოიყვანს. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვეხდინა აღნიშნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი – თუ რამდენად ხდება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან ამოცანების დროული და ეფექტური აღსრულება, რის გამოც 2020 წელსა და 2021 წელს განვახორციელეთ კვლევა „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგი“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ) “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ეგიდით, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად.
2020 წლის კვლევით გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებები, მიუხედავად კანონით დაკისრებული ვალდებულებებისა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამენ სოციალური მუშაობის განვითარებისთვის. ამას ადასტურებს ღონისძიებათა შესრულების მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 16 ღონისძიებიდან მხოლოდ 3 ღონისძიება შესრულდა სრულად, შესაბამის ვადაში.
მკვეთრად დადებითი მაჩვენებელი არც 2021 წელს გამოვლენილა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 13 ღონისძიებიდან მხოლოდ 2 შესრულდა სრულად, დანარჩენზე კი მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ შემთხვევაშიც კვლევამ აჩვენა, რომ პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის პარლამენტი თუ მთავრობა, კანონის არსებობის მიუხედავად, არ თვლის მნიშვნელოვნად სოციალური მუშაობის დროულ და ეფექტურ განვითარებას, ამის მიზეზი კი ალბათ, ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის ნაკლებად პრიორიტეტულობაა.
თუმცა, ამ სტატიაში თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჯანდაცვის სექტორში სოციალური მუშაობის დანერგვა. მკითხველისთვის, რომ გასაგები იყოს, განვმარტავ, რომ კანონი სოციალური მუშაობის შესახებ ითვალისწინებს ჯანდაცვის სექტორში სოციალური მუშაკის კადრის დამატებას, რომლის მთავარი მიზანიც პაციენტის უფლებების დაცვაა. ამავე დროს, კანონი ყველა უწყებას ავალდებულებს, რომ სოციალური მუშაკის პოზიციაზე აუცილებლად შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის ადამიანი აიყვანოს. თუმცა, როგორც კვლევით გამოვლინდა, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც კურირებს აღნიშნულ საკითხს, სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ წერილები გაუგზავნა და სწორედ ასე აცნობა, რომ მათ აქვთ ვალდებულება აიყვანონ სამსახურში სოციალური მუშაკები, ყველანაირი განმარტებისა და მობილიზების გარეშე. მაშინ როდესაც, ქვეყანაში ამდენი სოციალური მუშაკი, რომ ყველა კლინიკაში დასაქმდეს, ფიზიკურად არ გვაქვს. აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებმა დაზუსტებით ისიც კი არ იციან ვინ არიან სოციალური მუშაკები და რას საქმიანობენ ისინი.
არც გადამზადების საკითხშიც იყვნენ ისინი საკმარისად ინფორმირებული, მათ უფრო წარმოედგინათ ექთნების ან კლინიკის სხვა კადრების გადამზადება, რომელიც სოციალური მუშაკის საქმიანობასაც შეითავსებდა კომბინირებულად. და ასეც მოხდა. ზოგიერთ კლინიკებში სოციალურ მუშაკებად გინეკოლოგები აიყვანეს, ხოლო რეგიონებში სოციალურ მუშაობას ის ადამიანები ითავსებენ, ვინც კლინიკის შესასვლელში კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე ტემპერატურას უზომავს მოქალაქეებს. ჩვენთვის საინტერესოა ასეთ შემთხვევებში, როდესაც სოციალურ მუშაკებად შიდა კადრების, განსაკუთრებით კი ექიმების/ექთნების არჩევა ხდება, როგორ დარეგულირდება პაციენტის უფლებების საკითხი. მოგეხსენებათ, კლინიკებში ხშირად ხდება პაციენტის უფლებების დარღვევა, მაგალითად, როდესაც ექიმი პაციენტს უნიშნავს ქირურგიულ ჩარევას, რომელიც სულაც არ იყო საჭირო. საინტერესოა, როგორ მოახდენს სოციალური მუშაკი უფლებადარღვევის საკითხის შესწავლას თუ ის შიდა კადრია და მისთვის, რომელიც პარალელურად ექიმის ან ექთნის ფუნქციას ასრულებს, ამგვარი ქმედება წლების განმავლობაში ნორმალიზებულიც კი იყო? კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ამაზე სფეროს ყველა წარმომადგენელი თანხმდება, თუმცა სიღრმისეულად შესწავლის დროს იკვეთება, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კანონმა უფრო დააზიანა პროფესია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. კადრების დამატებასთან დაკავშირებით, წესით კანონმდებელი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო, რომ სხვადასხვა სფეროში, მაგალითად როგორიცაა ჯანდაცვის სფერო თუ ადგილობრივი თვითმართველობები ასე ერთბაშად ამდენი კადრის დამატება ფიზიკურად გამორიცხავდა შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სოციალური მუშაკების დასაქმებას. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის მთავარ მიზანს, რომ მოქალაქეებს მომსახურება ხარისხიანად და ეფექტურად გაეწიოთ. ამ შემთხვევაში იკვეთება, კანონმდებლის არასისტემური, არათანმიმდევრული და ნაკლებ ეფექტიანობაზე გათვლილი მიდგომები სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით. რაც როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ მოქალაქის მდგომარეობას აყენებს საფრთხის ქვეშ.