სიღარიბე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბევრი დასაქმებულისთვის ანაზღაურება არ წარმოადგენს მათი და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოსვლის საშუალებას. Covid-19 პანდემიამ კი უფრო გაამწვავა აღნიშნული მდგომარეობა და ცხადყო ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები თუ გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა მუშაკთათვის საცხოვრებელი ხელფასის უზრუნველსაყოფად, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არცერთი დასაქმებული არ დარჩეს საცხოვრებელი ხელფასის მიღმა სიღარიბეში (United Nations Global Compact , n.d.).
სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დარგობრივ დონეზე ხელფასების დაფიქსირების მექანიზმის მხარდაჭერაში. 170-ზე მეტ ქვეყანას აქვს მინიმალური ხელფასი დადგენილი კანონმდებლობით ან სავალდებულო კოლექტიური ხელშეკრულებებით. თუმცა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასით ადამიანური რესურსების ანაზღაურების განსაზღვრა, არამედ უნდა უზრუნველყონ საცხოვრებელი ხელფასი ღირსეული ცხოვრებისთვის. მინიმალური ხელფასი არ იძლევა ყოველთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. საცხოვრებელი ხელფასის დანერგვა კი მნიშვნელოვანია, რათა ავამაღლოთ მუშაკთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სტანდარტები (United Nations Global Compact , n.d.).
როგორც ადამიანების უფლებების დაცვისა და პატივისცემის კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც ასახულია გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებში ( The UN Guiding Principles on Business and Human Rights (UNGPs)), სამუშაო სიღარიბე, რომელიც გამოწვეულია სამუშაო ადგილზე დაბალი ხელფასით, უნდა აისახოს ადამიანის უფლებების სათანადო მიდგომებში, რომლებსაც ბიზნესი ატარებს (United Nations Global Compact , n.d.).
კერძოდ, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომელთათვის, მიუხედავად მათი სამუშაო სტატუსისა, საცხოვრებელი ხელფასის გადახდა და ითანამშრომლონ მომწოდებლებთან, რათა მიაღწიონ საცხოვრებელ ხელფასს მიწოდების ჯაჭვში. ბიზნესს შეუძლია ცვლილებების განხორციელება შემდეგი მექანიზმებით:
- შეიმუშავოს ხელფასების გაუმჯობესებითვის მკაფიო გეგმა, რათა მოახდინოს ბიზნესის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- შეაგროვოს მონაცემები, რათა შეფასდეს სხვაობა მიმდინარე ძირითად ხელფასსა და რეალურ საცხოვრებელ ხელფასს შორის.
- დაამყაროს აქტიური კომუნიკაცია როგორც შიდა, ისე გარე დაინტერესებულ მხარეებთან.
- მოახდინოს პროგრესის გაზომვა და მონიტორინგი (United Nations Global Compact , n.d.).
ვთანხმდებით, რომ ხელფასის ოდენობა სამუშაო მოტივაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბიზნესმა კი უნდა უზრუნველყოს სახელფასო სისტემის გაუმჯობესება და საცხოვრებელი ხელფასის კონცეფციის თანამედროვე რეალობასთან მორგება დასაქმებულთა საჭიროებების შესაბამისად. სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამტარებლის, როლი კი მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ხელფასის სტიმულირებაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაღალი სტანდარტების მიღწევასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.
სწორედ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ხელფასის უზრუნველყოფა, რომელიც SDG-ების მიღწევის აქსელერატორს წარმოადგენს. მიზანი 1 – სიღარიბის აღმოფხვრა, მიზანი 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა, საცხოვრებელი ხელფასის დანერგვა ამ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება (United Nations Global Compact , n.d.).
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში მწვავედ დგას დასაქმებასთან, ინფლაციასთან, სიღარიბესთან და ადეკვატურ ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები. საქსტატის 2021 წლის მე-4 კვარტლის მონაცემით, დასაქმებულია 1244.2 ათასი კაცი, უმუშევარი – 291.9 ათასი კაცი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, n.d.). გაზრდილია სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლებთან შედარებით: 2021 წელს სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო წლიური წინა წლის საშუალო წლიურთან) 109.6-ს წარმოადგენდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, n.d.). 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 21.3%-ს შეადგენდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, n.d.). აღნიშნულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს თან ახლავს ქართველ ემიგრანტთა დიდი რიცხოვნობაც (2020 წელს 74264 კაცი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, n.d.)), რომლებიც შრომით მიგრაციაში არიან და მათი გზავნილები ოჯახების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვთავაზობს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდს, რომელიც დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. ეს უკანასკნელი მოიცავს მხოლოდ 40 დასახელების პროდუქტსა და 2300 კილოკალორიის ენერგოდანახარჯებს. საარსებო მინიმუმის საერთო ღირებულებაში, რომელიც 2022 წლის მე-2 კვარტლის მონაცემით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 231.3 ლარია, სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი – 30%-ით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, n.d.).
აღნიშნული დადგენილი ნორმა საერთაშორისო სტანდარტებისგან შორსაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებული სამომხარებლო ფასების დინამიკის, სიღარიბისა და უმუშევრობის დონის გათვალისწინებით, 231.3 ლარი არარეალურ საარსებო მინიმუმს წარმოადგენს. ადამიანს ისე უნდა შეეძლოს ხარჯების გადანაწილება, რომ მისი უმეტესი ნაწილი არა სასურსათო საგნებზე, არამედ ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვა საჭიროებებზე დახარჯოს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, საარსებო მინიმუმსა და შრომის ანაზღაურების სიდიდეს შორის დადგინდა კავშირი, კერძოდ, „სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება. იგი საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, n.d.). 2022 წლის მე-2 კვარტლის მონაცემით, ეს 231.3X2=462.6 ლარს წარმოადგენს, რომელიც დღეს არსებული სოციოლურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, მიზერული და არასაკმარისი თანხაა ღირსეული ცხოვრების დონის მისაღწევად.
აღნიშნულ კანონთან კი წინააღმდეგობაში მოდის ის გარემოება, რომ მინიმალური ხელფასის სიდიდე საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე 1999 წლის ივნისიდან 20 ლარით განისაზღვრა (ბრძანებულება N351, 1999); (ბრძანებულება N767, 2006). ეს ბრძანებულება დღემდე ძალაშია და იწვევს გაურკვევლობას და საჭიროებს განახლებას.
შედეგად, მნიშვნელოვანია შეიცვალოს საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდი, მიღებულ იქმნას შესაბამისი კანონმდებლობა, დაინერგოს საცხოვრებელი ხელფასი, რომელიც შესაბამისობაში მოვა ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელ რეალურ ხელფასთან.
კვლევა
აღნიშნული საკითხის უკეთ შესასწავლად ჩავატარე კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების შესწავლას, თუ რამდენად საკმარისია ყოველივე ეს ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად. კვლევა განხორციელდა ონლაინ ფორმატით. რესპოდენტთა რაოდენობამ, ვინც შეავსო გამოკითხვის კითხვარი, შეადგინა 171. კვლევა ჩატარდა 2022 წლის აპრილში.
წარმოგიდგენთ მიღებული ინფორმაციის დამუშავება-ანალიზის შედეგებს: კვლევაში მონაწილეთა 81.3%-ს ქალები, ხოლო 18.7%-ს მამაკაცები შეადგენენ. გამოკითხულთა უმეტესობა მიეკუთვნება 18-20, 21-23 და 36+ ინტერვალის ასაკობრივ ჯგუფებს. რაც შეეხება დასაქმების სტატუსს, კვლევაში მონაწილეთა 68.4% დასაქმებულია.
რესპოდენტთა 56.2%-ს აქვს ინფორმაცია საქართველოში შრომითი კოდექსის – საქართველოში შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონებისა და რეგულაციების შესახებ. 29%-ს არ აქვს ინფორმაცია.
გამოკითხულთა 39.1% კერძო, ხოლო 29.6% საჯარო სექტორშია დასაქმებული. რესპოდენტთა უმრავლესობა მუშაობს განათლების, მომხმარებელთა მომსახურების, ვაჭრობის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სექტორებში.
რაც შეეხება რესპოდენტთა ფინანსურ მდგომარეობას, გამოკითხულთა 15.5%-თვის შემოსავალი მერყეობს 1001-2000 ლარის ინტერვალში, 19.6%-თვის 700-401 ლარის ინტერვალში, 18.5%-თვის 401-700 ლარის ინტერვალში. მხოლოდ 7.7%-ის შემოსავალი აჭარბებს 2000 ლარს. 17,3%-თვის შემოსავალი 401 ლარზე ნაკლებია.
გამოკითხვაში მონაწილეთა მხოლოდ 10.7%-მა ადასტურებს, რომ მათი შემოსავლები საკმარისია სასურსათო და არასასურსათო მოხმარების საგნების შესაძენად, 29.6%-თვის -ნაწილობრივ საკმარისია. 48.5% მიიჩნევს, რომ მათი მიმდინარე შემოსავლები არ არის საკმარისი.
რაც შეეხება ხარჯების სტრუქტურას, რესპოდენტთა უმრავლესობა საკვებ-პროდუქტზე, სამედიცინო მედიკამენტებზე, ტანსაცმელზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სესხის დაფარვაზე ანაწილებს ხარჯებს. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოყოფს თანხებს დასვენებისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვისა და მოგზაურობისთვის.
აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 15.4%-ის ოჯახის წევრი ემიგრანტია. აქედან 1%-თვის მხოლოდ ემიგრანტის გზავნილი გახლავთ ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო, ხოლო 14%-თვის შემოსავლები ოჯახის სხვა წევრების მუშაობაზეც იყო დამოკიდებული.
კვლევის ბოლო შეკითხვა ეხებოდა რესპოდენტთა აზრს, თუ რა თანხაა საჭირო თვეში ერთი შრომისუნარიანი ასაკის ადამიანის მინიმალურ დონეზე არსებობისთვის. რესპოდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ 400-500 ლარად შეუძლებელია ფიზიკურად ადამიანმა იარსებოს თვიდან თვემდე. კვლევის მონაწილეების მიერ დაფიქსირებული პასუხების შედეგად დავადგინე საშუალო თანხა, რომელსაც ისინი მიიჩნევენ აუცილებლად თვეში მინიმალურ დონეზე არსებობისთვის და ეს შეადგენს 1470 ლარს.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას სიღარიბესთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები. საარსებო მინიმუმი შეუსაბამო მეთოდით იანგარიშება, მინიმალური ხელფასი არაადეკვატურადაა განსაზღვრული, მოსახლეობის უმრავლესობა ხარჯებს ძირითადად პირველად მოთხოვნილებების საგნებზე (საკვები, სამედიცინო მედიკამენტები, ტანსაცმელი) ანაწილებს. აღნიშნული ნეგატიური შედეგების ფონზე მოსახლეობის ნაწილი ხდება ემიგრანტი, რაც ქვეყნიდან შრომითი რესურსის გადინებასა და სამუშაო ძალის შემცირებას იწვევს.
იმისათვის, რომ განვახორციელოთ ეფექტიანი ცვლილებები და ავამაღლოთ ცხოვრების სტანდარტები, სახელმწიფომ, ბიზნესმა და პროფკავშირებმა აქტიური თანამშრომლობითა და ეფექტიანი კომუნიკაციით ხელი უნდა შეუწყონ საცხოვრებელი ხელფასის დანერგვას. ღირსეული შრომითი ანაზღაურება უზრუნველყოფს დასაქმებულთა მოტივირებას, ეკონომიკა და ბიზნესი იქნება უფრო მდგრადი და საზოგადოება ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფილი.
რეკომენდაციები:
- სამუშაო პირობები უნდა იყოს უსაფრთხო და შესაბამისი სამუშაო დასაქმებულებს უნდა სთავაზობდეს პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პიროვნების მიერ გაწეული შრომა უნდა ანაზღაურდეს ადეკვატურად, რათა მან უზრუნველყოს შრომითი პოტენციალის კვლავწარმოება და ოჯახის წევრების კეთილდღეობა;
- ხელფასის დადგენისას უნდა გათვალისწინდეს რაციონალური სამომხმარებლო ბიუჯეტი და რეალური დონე ცხოვრებისთვის აუცილებელი მატერიალური და არამატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
- საჭიროა საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები და ეფექტიანი დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება, რომელიც მიზნად დაისახავს საცხოვრებელი ხელფასის დანერგვას ეკონომიკასა და ბიზნესში;
- მიზანშეწონილია სახელმწიფოს, პროფკავშირებსა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა უზრუნველვყოთ შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საცხოვრებელი ხელფასის შესახებ.
ავტორი: მარიამ დადუნაძე; ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი;
გამოყენებული ლიტერატურა:
ცარციძე მ. (2022). უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში. მონოგრაფია. თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი;
United Nations Global Compact . (თ. გ.). მოპოვებული www.unglobalcompact.org: https://www.unglobalcompact.org/what-is-gc/our-work/livingwages-დან
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (თ. გ.). მოპოვებული www.matsne.gov.ge: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4924109?publication=1-დან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (თ. გ.). მოპოვებული www.geostat.ge: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba-დან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (თ. გ.). მოპოვებული www.geostat.ge: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia-დან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (თ. გ.). მოპოვებული www.geostat.ge: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done-დან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (თ. გ.). მოპოვებული www.geostat.ge: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia-დან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (თ. გ.). მოპოვებული www.geostat.ge: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi-დან