8 მარტს გამოვდივართ, რადგან ყოველდღიურად იზრდება ცხოვრების ხარჯი, გაუსაძლისი და უშედეგოა ინდივიდუალური ბრძოლა ჩვენი და ჩვენი ოჯახების მოთხოვნილებებისთვის.
გაძვირებული ცხოვრება განსაკუთრებით აისახა ქალებზე, რადგან:
- საგრძნობლად დაბალია ანაზღაურება ფემინიზირებულ სექტორებში, სადაც ძირითად სამუშაო ძალას ქალები წარმოადგენენ. ბაღის აღმზრდელები, ძიძები, ექთნები, სანიტრები, დამლაგებლები, ფარმაცევტები, კონსულტანტები – ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი თავის, ოჯახების და შვილების გადარჩენისთვის, სიღარიბესა და უკიდურეს სიღარიბეში.
- ქვეყანაში განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში კვლავაც 20 ლარია, რაც ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, პენსიასა და სოციალურ დახმარებებზე დაბალია. ჩვენ, ქალები, ვმუშაობთ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და სახელმწიფო არ გვიცავს იმისგან, რომ დამსაქმებელმა გადაგვიხადოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი!
- შრომით ურთიერთობებში ფესვგადგმულია გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც ადგილი აქვს დასაქმების თითქმის ყველა სფეროს, ყველა ეტაპზე. ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების საკითხი.მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის ერთნაირი განათლების დონე ფიქსირდება, დიდი განსხვავება არსებობს ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის და ეს სხვაობა 36.2%-ს უტოლდება.
- მიზერულია დეკრეტული შვებულების გამო სახელმწიფო დახმარების 6 თვის ოდენობა, მის მიღმა კი ქალების ძირითადი ნაწილი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება, რის გამოც მათი უმეტესობა უმოკლეს ვადებში იძულებულია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
- ქალები უფრო ხშირად ბავშვების, მოხუცების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრების ძირითადი აღმზრდელები არიან. ეს ხშირად გულისხმობს ქალის მიერ დამატებითი ხარჯისა და შრომის გაწევას, როგორიცაა ბავშვის მოვლა, მოხუცების მოვლა და ჯანდაცვის ხარჯები. ზრუნვის სფეროში მომუშავე ქალების სრული უმრავლესობა ყველაზე დაბალ ანაზღაურებას იღებს.
- ქალები უფრო ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში, რაც ართულებს მათთვის უსაფრთხო და სტაბილური საცხოვრებლის შეძენას ან ქირის გადახდას.
- ცხოვრების ხარჯების ზრდა ზურგზე განსაკუთრებით დააწვა მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს. შვილების ყოლასთან ერთად იზრდება საჭიროებები და ხარჯები, თუმცა მცირდება ქალების შემოსავალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მარტოხელა და მრავალშვილიან დედებზე განსაკუთრებული ზრუნვის პოლიტიკა.
- არასტაბილური დაბალანაზღაურებადი შრომა, მაღალი ფასები და მწირი სოციალური პროგრამები ქალებს ხშირად აიძულებს საერთოდ უარი თქვან ან გადაავადონ დედობა განუსაზღვრელი ვადით. ამასთანავე, საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად ქალებს უწევთ ჩაერთონ სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონორობის სერვისში. ქალების ყოველდღიური გაღარიბების პარალელურად იზრდება იმ ქალების რიცხვი რომლებიც მზად არიან რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი ჯანმრთელობა და სხეული შეუსაბამო ანაზღაურების სანაცვლოდ.
- ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან ახალგაზრდები – განათლების, დასაქმების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის სირთულეები, რომლებსაც ერთვის საცხოვრისის არ ქონის და სხვადასხვა ფინანსური პრობლემები, რაც ძირითადი დამაბრკოლებელი მიზეზებია იმისა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობა მნიშვნელოვნად მცირეა.
როდესაც ქალები და ოჯახები ვერ ახერხებენ მათი ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება:
- ხარჯების შემცირება: ეს შეიძლება მოიცავდეს ხარჯების შემცირებას კულტურულ, განმავითარებელ და გასართობ ღონისძიებებზე უარის თქმით. ხშირად კი ადამიანისთვის აუცილებელი კვების რაციონების შემცირებით, ექიმთან მისვლის გადავადებითა და საარსებო საჭიროებებზე იძულებითი უარის თქმით;
- ფულის სესხება: ქალები რეგულარულად მიმართავენ ვალის აღების პრაქტიკას, საკრედიტო ბარათებს, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მევახშეებს, პირად სესხებს ან ოჯახს და მეგობრებს ფინანსური დახმარებისთვის, თუ საპენსიო სესხებს, რაც ცხადია, დამატებით ტვირთად აწვება მათ ბიუჯეტს და მუდმივად მზარდი საპროცენტო განაკვეთის პირობებში კიდევ უფრო მეტად გაღარიბების ფაქტორად იქცევა;
- სახელმწიფო დახმარების ძებნა: ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდებს შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა სოციალური დაცვის პროგრამა. ამ პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება კი საკვების შესაძენადაც არ არის საკმარისი;
- დამატებითი სამუშაოს შესრულება: ადამიანებს ხშირად უწევთ დამატებითი სამუშაოს მოძიება შემოსავლის გაზრდის მიზნით, რაც მათ სრულ თავისუფალ დროს მოიცავს; ქალებს ამასთანავე ექმნებათ დამატებითი ბარიერები, რომლებიც დაკავშირებულია ზრუნვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობით, რამაც შეიძლება შეზღუდოს მათი შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი სამუშაო.
- საცხოვრებელი ადგილის შეცვლა: ხარჯების შესამცირებლად ინდივიდებსა და ოჯახებს უწევთ ნაკლებად ძვირადღირებულ ადგილას გადასვლა საცხოვრებლად, თუმცა ეს მაინც ვერ აგვარებს პრობლემას;
- ემიგრაცია: საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ემიგრაციაა გამოსავალი არსებულ სიღარიბესთან გასამკლავებლად და ვალების დასაფარად. ამ დროს კი ისევ ქალები ზარალდებიან ყველაზე მეტად, რადგან ოჯახისგან შორს, უცხო გარემოში განაგრძობენ ზრუნვის სფეროში მუშაობას.
ყველა ზემოხსენებულ “გამოსავალს” ყოველთვის აქვს მავნე შედეგები. ადამიანებს უწევთ უარის თქმა პირად სივრცეზე, ოჯახზე, თავისუფალ დროსა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ხოლო იმის გამო, რომ ქალები ხშირად, ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ და შრომის ბაზარზე დამატებითი ბარიერების წინაშე დგანან, მათ კიდევ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსები აქვთ, რის გამოც უფრო მეტად ეყრდნობიან სახელმწიფო დახმარების პროგრამებს, იღებენ ვალებს ან ღარიბდებიან და ექმნებათ ფინანსური დაუცველობა.
წლების მანძილზე ქალები ამ გზებს გადარჩენისთვის მიმართავენ და ვეღარ პოულობენ სხვა ხერხებს პირადი გამოსავლისთვის, მაგრამ რეალობა გვკარნახობს, რომ ინდივიდუალური ქმედებების დრო ამოწურულია! დაგვრჩა კოლექტიური გამოსავალი, ერთად! ამიტომ ყველანი გამოვდივართ 8 მარტს და ვითხოვთ:
- საცხოვრებელ ხელფასს – მშრომელების ანაზღაურება იყოს გარანტი მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობებისა, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და შეძლონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.
- პირველადი მოხმარების საგნებისთვის ფასების ფიქსირებას – დაწესდეს კონტროლი მედიკამენტების ფასებზე, სურსათზე და ა.შ.
- ე.წ. დეკრეტულ შვებულებას – ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობის საშუალებით უნდა დარეგულირდეს აღნიშნული საკითხი, საჯარო თუ კერძო სექტორში, განისაზღვროს დეკრეტული შვებულებისთვის მინიმუმ ექვსი თვის ხელფასის სრული ანაზღაურება.
- ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანდაცვას! – მნიშვნელოვანია ქალებისთვის უფასო ჰიგიენური საშუალებები, ბავშვის უფასო ჰიგიენური საფენები (პამპერსები), რადგან ქალები განიცდიან პერიოდულ სიღარიბეს, ვერ ახერხებენ ჰიგიენური საშუალებების ხარჯების დაფარვას, არ აქვთ სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობა, რის გამოც აცდენენ სკოლას ან სამუშაოს.
- საბინაო პოლიტიკას – ვითხოვთ საცხოვრისის უფლებას! აუცილებელია მოხდეს ქირის ფასების რეგულირება! შეიქმნას ხარისხიანი სტუდენტური საცხოვრებლები – სტუდენტებს ჰქონდეთ განათლებასთან ხელმისაწვდომობა!
- ღირსეულ პენსიას – ხშირ შემთხვევაში, პენსიონერებს საკუთარი პენსია არათუ სრულყოფილად კვებისთვის, არამედ მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნით!
ორგანიზატორები:
უხილავი შრომა;
გააღვიძე აქტივიზმი;
სოლიდარობის ქსელი;
პროფკავშირების ახალი გაერთიანება;