ვეხმაურებით „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების – GTUC-ის” მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ისინი აფასებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვას და აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ დასაქმებულებს უფლებების დაცვის პროცესში.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს – სოციალურ აგენტებსა და სპეციალისტებს აქვთ „სოლიდარობის ქსელის” ბაზაზე არსებული პირველადი პროფკავშირული გაერთიანება. თავად „სოლიდარობის ქსელი“ კი სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან ერთად წარმოადგენს პროფესიული კავშირების ახალ გაერთიანებას. სწორედ ამ გაერთიანებით – ურთიერთდახმარებით, მორალური და სამართლებრივი მხარდაჭერითა და სოლიდარობით შეძლეს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულებმა მობილიზაცია, კოლექტიური დავის წარმოება და გაფიცვა და მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ჩვენი შეფასებით, GTUC-ის განცხადება მიზნად ისახავდა გაფიცულების დაქსაქსვას, აზრთა სხვადასხვაობის შემოტანას და დაბნეულობის გამოწვევას. სხვაგვარად აუხსნელია რას ემსახურება პროფკავშირების ახალი გაერთიანების მიერ ორგანიზებული კოლექტიური პროტესტის, დავისა და გაფიცვის მიმდინარეობის დროს მოწოდება რომ ისინი მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ გაფიცულებს უფლებების დაცვის პროცესში, მაშინ როცა გაფიცულებს თავად აქვთ პროფესიული კავშირი და წარმოადგენენ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალ გაერთიანებას.
ეს არის არაეთიკური, არაკოლეგიალური და მანკიერი ნაბიჯი!
ერთ-ერთი საკითხი რაზეც განცხადებაშია საუბარი შეეხება სამმხრივ კომისიაში დასაქმებულთა წარმომადგენლობას, ისინი უთითებენ, რომ „აუცილებელია სააგენტოს დასაქმებულებთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყება. ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანია პრობლემების სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის და მასთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა კოლექტიური შეთანხმების გაფორმების მიზნით, რომელშიც სრულად იქნება ასახული მათი გაუმჯობესებული შრომითი პირობები და სოციალური დაცვის გარანტიები.” ეს არის მცდელობა სამმხრივ კომისიაში ყოფნის ბერკეტით დასაქმებულები ჩამოაშორონ თავიანთ პროფესიულ კავშირს და პროფკავშირულ ბრძოლას.
ჩვენი გაერთიანება 2020 წლიდან (დაარსებიდან) ცდილობს მოლაპარაკების წარმოებას ყველა რელევანტურ აქტორთან, რათა გავმხდარიყავით სამმხრივი კომისიის წევრი. მიუხედავად იმისა რომ სამმხრივ კომისიაში დასაქმებულთა შერჩევის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება ლეგიტიმური ორგანოა კომისიაში შესასვლელად, GTUC-ის მხრიდან შევხვდით შეუვალ წინააღმდეგობას და მიუხედავად არა ერთი მცდელობისა მათთან ამ საკითხზე კომუნიკაცია ვერ შედგა.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯერჯერობით დიდხნიანი ინსტიტუციური გამოცდილება არ გვაქვს, წარმოვადგენთ ისეთ ჯგუფებს, რომელსაც ვერ ფარავს პროფკავშირების გაერთიანება. კერძოდ, ქცევით თერაპევტებს, სოციალურ მუშაკებს, სოციალურ აგენტებს და სხვა. შესაბამისად მიუხედავად რიცხოვნობისა, ჩვენი წევრების საჭიროებების რეპრეზენტაცია შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ და არ უნდა ვიყოთ იძულებული დასახელებულ კომისიაში საკითხების გასატანად მივმართოთ პროფკავშირების გაერთიანებას.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სამმხრივ კომისიაში წევრად მიღებისას ქვეყნებმა არ უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ორგანიზაციის სიდიდისა და არსებობის ხანგრძლივობით – არამედ უნდა გადაიხედოს პროფკავშირის საქმიანობა და შედეგები. ამ საკითხებზე დამუშავებულია საერთაშორისო დოკუმენტები და გამოცდილება და დაინტერესებული პირები გთხოვთ გაეცანით თუ რატომ უნდა იყოს ახალი გაერთიანება სამმხრივ კომისიაში:https://shroma.ge/…/Tripartism-and-New-Conf_Final_2021…
კიდევ ერთი, რაზეც აღნიშნულ განცხადებაშია საუბარი არის ბენეფიციართა საკითხი. როგორც ვკითხულობთ „უმნიშვნელოვანესია ბენეფიციართა ბედი”, რომლებიც სრულიად არიან დამოკიდებული სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაწეულ სერვისზე. ამგვარი რიტორიკის შემოტანა უშუალოდ გაფიცვის პროცესში, ყოველგვარი შეფასებისა და სისტემის გაკრიტიკების გარეშე, საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ბენეფიციართათვის სერვისის შეჩერება არა სისტემის გაუმართაობის არამედ გაფიცული თანამშრომლების ბრალია. ვთვლით, რომ ამგვარი ჩანართი განცხადებაში სწორედ დასაქმებულებზე პასუხისმგებლობის გადატეხას ემსახურება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროფკავშირების გაერთიანებას შეწყვიტოს დასაქმებულების ბედით მანიპულირება და თუკი სურს იმ ჯგუფების დახმარება, რომელთაც თავად არ წარმოადგენს, მოგვცეს საშუალება ჩვენ თავად გავხდეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი.