კლინიკები გაზრდილ ხელფასებს კვლავ არ გასცემენ


2023 წლის იანვრის თვიდან „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანებაში“ შემავალი „პროფკავშირი სოლიდარობის ქსელის“ წევრი ექთნების კოლექტიური ძალისხმევით საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ექთნებისა და ექიმების ხელფასების მინიმალური საათობრივი სტანდარტის განსაზღვრა. ეს იყო წინ გადადგმული და პირველი ნაბიჯი, რომელიც დაიწყებდა მედმუშაკების დანაშაულებრივად დაბალი და დაურეგულირებელი ხელფასების გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპის ზრდა არ აკმაყოფილებს ექთნებისთვის აუცილებელ საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტს.

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“  მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შრომის ინსპექციას ჯეროვნად უზრუნველყონ ქვეყანაში ექთნებისა და ექიმებისთვის დაწესებული მინიმალური ხელფასის გადახდის აღსრულება. კერძოდ საქართველოში მოქმედი ზოგიერთი კერძო კლინიკა თუ ჰოსპიტალური დაწესებულება კვლავ არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, კერძოდ:

1. დამსაქმებლები არ უხდიან მედმუშაკებს დადგენილი გაზრდილი საათობრივი ტარიფით ხელფასს – „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 2023 წლის 01 იანვრიდან შესული ცვლილებების თანახმად, კლინიკა ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ექიმისა და ექთნისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება (ექიმისთვის არანაკლებ 7 ლარისა საათში; ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში);

2. ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გადახდისგან თავის არიდების მიზნით დამსაქმებლები არაერთ კანონსაწინააღმდეგო გზას მიმართავენ, მათ შორის ექიმის/ექთნის სხვა პოზიციაზე გადაყვანას ან საერთოდ პოზიციის გაუქმებას, ექთნის/ ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას, სამუშაო საათების შემცირებას და სხვა. ზოგიერთი დამსაქმებლის ფანტაზია კიდევ უფრო შორს წავიდა და ისინი დასაქმებულებისგან მოითხოვენ, რომ წერილობითი უარი განაცხადონ მინიმალური ხელფასის მიღებაზე, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს კანონდარღვევას და დასაქმებულების მიერ მსგავსს განცხადებაზე ხელის მოწერის მიუხედავად კლინიკა მაინც ვალდებულია გადაუხადოს მას მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. უფრო მეტიც ამავე დადგენილების თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია, რომ აღნიშნული ანაზღაურების პირობები შრომით ხელშეკრულებაში ასახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დაარღვევს კანონს.

3. ძალიან ხშირია ხელფასების 2 ან ზოგიერთ შემთხვევაში 3 თვით დაგვიანებით ჩარიცხვა;

 „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანებაში“ შემავალი ხელმომწერი პროფესიული კავშირები:

სოლიდარობის ქსელი – ჯანდაცვისა და ზრუნვის სფეროს პროფკავშირი;

ერთობა 2013 – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი;

მეტრო პლიუსის დასაქმებულთა პროფკავშირი – მოლარეებისა და უფროსის მოლარეების გაერთიანება;

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი;