ზაფხულში შრომა გაუსაძლისია და ჩვენ მოუთმენლად ველით შვებულებას. 1930-იანი წლების საფრანგეთში მშრომელთა მოძრაობამ მთავარ პრიორიტეტად დაისახა შვებულებისთვის ბრძოლა და უფროსები აიძულა ჩვენთვის პლაჟზე დასასველებლად ხელფასი გადაეხადათ – ანაზღაურებადი შვებულება.
მზე არ ანათებდა ბურჟუაზიული საფრანგეთისთვის 1936 წელს. მაღალი საზოგადოების ქალბატონები წუწუნებდნენ, რომ შემოსეული პროლეტარების ურდოები დიდ ადგილს იკავებდნენ მათ საყვარელ პლაჟებზე. ლაჟვარდოვანი სანაპიროს რესტორნების მფლობელებს ისიც აფრთხობდათ, რომ ურბანული ცენტრებიდან მოსულმა ქარხნის მუშებმა დანა-ჩანგლის გამოყენებაც არ იცოდნენ. ივნისში სოციალისტების მთავრობამ ყოველ მშრომელს მისცა 2 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულების გარანტია, რითაც ზაფხულის შვებულება მილიონთათვის რეალობა გახადა. ახლა მშრომელებს შეეძლოთ ორი კვირით ველოსიპედებისა კეთება და ბაგეტების ცხობა შეეწყვიტათ და ეშენებინათ ქვიშის ციხესიმაგრეები, რისთვისაც უფროსებს მათთვის უნდა გადაეხადათ.
კანონი, რომლითაც მშრომელებმა მოიპოვეს ანაზღაურებადი შვებულება, მიიღეს მაისში არჩეული ებრაელი სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, ლეონ ბლუმის მიერ. თუმცა ამ ცვლილების უმთავრესი წინაპირობა იყო ძლიერი გაფიცვა, რომელიც ბლუმის არჩევის შემდეგ მალევე მოხდა. მსოფლიოს გარშემო მშრომელთა გაერთიანებები დიდი ხნის განმავლობაში წევდნენ წინააღმდეგობას შრომის ცხოვრებაზე დომინირებისთვის – საყოველთაო გაფიცვა, რომელიც 1886 წლის 1 მაისს დაიწყო ჩიკაგოში, მოითხოვდა “8 საათს შრომისთვის, 8 საათს დასვენებისთვის და 8 საათს ჩვენი სურვილისამებრ განკარგვისთვის.” მაქსიმალური სამუშაო საათების სამართლებრივი განსაზღვრისა და შემდეგ უქმე შაბათ-კვირის გამოგონების შედეგად, მეოცე საუკუნეში მშრომელთა მთელი თავისუფალი დრო მოიცვა ბრძოლამ ანაზღაურებადი შვებულებისთვის.
საფრანგეთი იყო პირველი, თუმცა ანაზღაურებადი შვებულება სხვაგანაც მიღწევადი გახდა, რასაც ზოგ შემთხვევაში ემატებოდა ანაზღაურებად ბიულეტენზე გასვლა და ანაზღაურებადი დეკრეტიც. თუმცა ბრძოლა ანაზღაურებადი შვებულებისთვის არ იყო ბრძოლა მხოლოდ წელიწადში ორკვირიანი თავისუფლებისა და შემდეგ კვლავ სამუშაო ადგილზე დაბრუნებისთვის. ეს იყო ნაკარნახევი ახალი მასობრივი კულტურით, რომელშიც ბრძოლა მიმდინარეობდა თავისუფალი დროის გახანგრძლივებისა და საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის. ფრანგმა მშრომელებმა, გარდა იმისა, რომ შვებულების უფლება მოიპოვეს, ააშენეს მცირე სასტუმროებიც, დასასვენებელი ბანაკები და სოციალური კლუბები, რისი საშუალებითაც დროის ერთად უკეთ გატარებას ახერხებდნენ.
დიდი კარვის აშენება
თავისუფალი დრო მუდმივად პოლიტიკური ბრძოლის საგანი გახლდათ. მშრომელთა ადრინდელი მოძრაობები იყო მეგობრული საზოგადოებებისა და კოოპერატივების სკა, რითაც მშრომელები ერთმანეთს უნაწილებდნენ რესურსებს თავისუფალი დროის უკეთ გამოყენებისთვის. 1919 წლიდან პარიზის გარეუბან ივრი–სურ-სენის სოციალისტ და კომუნისტ მერებს ჰქონდათ სოლიდარობის ფონდი, რომლითაც მშრომელთა ბავშვებს ზღვაზე გამგზავრებით უზრუნველყოფდნენ. რამდენადაც “ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანული ასოციაციის”(YMCA) მსგავსი ორგანოები ხელს უწყობდნენ ქრისტიანულ ფასეულობებთან თავსებად დასვენების ფორმებს, მოცემული თავისუფალი დროის შესაბამისად, მუშათა პარტიებმა შექმნეს საკუთარი გასართობი, სპორტული და სოციალური საქმიანობა.
1936 წელს მთავრობამ ანაზღაურებადი შვებულება, რომლითაც მანამდე მხოლოდ მშრომელთა მცირე ნაწილი სარგებლობდა, საყოველთაო გახადა. ეს წარმატება არ იყო მხოლოდ ლეონ ბლუმმის ან “სახალხო ფრონტის” მონაპოვარი, რომელიც აერთიანებდა მის სოციალისტებს რადიკალ ლიბერალებთან და კომუნისტებთან. მართლაც, “სახალხო ფრონტის” პროგრამა, რომელიც 1936 წლის მაისის არჩევნებამდე გამოქვეყნდა, იყო საკმაოდ ფრთხილი – ის საომარი ინდუსტრიის ნაციონალიზებისა და მშრომელთა გაერთიaნებებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების დაპირებას იძლეოდა , თუმცა, ამავე დროს, არ ამბობდა როგორ და როდის გახდებოდა შესაძლებელი სამუშაო კვირის შემცირება საკვირაო ხელფასების შემცირების გარეშე.
“სახალხო ფრონტის” საარჩევნო ტრიუმფი, რომლის ფარგლებშიც მათ 1936 წლის 3 მაისის არჩევნებზე 57% მიიღეს, განპირობებული იყო განწყობის ცვლილებით. 11 მაისსს მშრომელებმა დაიკავეს თვითმფრინავების ქარხანა. ისინი ითხოვდენენ იმ ორი კოლეგის სამსახურში აღდგენას, რომლებიც 1 მაისს გაფიცვის გამო გაათავისუფლეს. ამას მოჰყვა პორტების მუშათა სოლიდარობის აქცია, რის შემდეგაც მოძრაობა გაიზარდა და საფრანგეთს ცეცხლივით მოედო. გაიფიცა ათასობით სამუშაო ადგილი საფრანგეთში, რაც დაახლოებით, 2 მილიონ მშრომელს მოიცავდა. ოკუპირებულ ქარხნებში სადღესასწაულო ატმოსფერო აჩვენებდა, რომ მუშები თამამად გრძნობდნენ თავს და მომავალში მოსახდენი ცვლილებების დიდი მოლოდინი ჰქონდათ.
პრემიერი ბლუმი გადიდგულებული იყო გაფიცვის ტალღებით, მაგრამ ესმოდა გაჭიანურებული სოციალური კონფლიქტების საფრთხეც. აქედან გამომდინარე, ის ეძებდა იმგვარ შეთანხმებას დამსაქმებლებთან, რომელიც ასევე დააკმაყოფილებდა აქტივისტებს მთავარ მუშათა პარტიებში. 7 და 8 ივნისს სოციალისტმა პრემიერმა, პროფკავშირებმა და დამსაქმებლებმა გააფორმეს მატინიონის შეთანხმებები, რომელმაც აამოქმედა უფრო დეტალიზებული და მართლაც რომ “სახალხო ფრონტის” მანიფესტის დაპირებების უფრო რადიკალური ვერსია. უფროსებს მოუწიათ გადაეყლაპათ 40 საათიანი სამუშაო კვირა (ანაზღაურების დაკლების გარეშე), გაძლიერებული პროფკავშირული უფლებები და, სულ მცირე, ორკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება.
ახალგაზრდების რესპუბლიკა
მშრომელებმა მოიპოვეს ანაზღაურებადი შვებულება სოლიდარული გაფიცვით. მათ ახლა ამ დროის თავისუფლად, სურვილისამებრ განკარგვა შეეძლოთ. ეს განპირობებული იყო ადრეული დებატებით შვებულების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. კარლ მარქსის პერიოდში სანაპიროზე გამგზავრება ნიშნავდა ჯანმრთელობის აღდგენას ქალაქის სიბინძურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებით. ისტორიკოსი ივონ ქეფი აღნიშნავს, თუ როგორ იყო მარქსი ზღვისპირეთის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გარემოთი შეპყრობილი. მაგრამ ის, რასაც მუშები რეალურად აკეთებდნენ თავისუფალ დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხარე დავის საგნად დარჩა.
ისტორიკოსი გერი გროსი მოგვითხრობს, რომ ბევრმა სოციალისტმა დაგმო საქარხნო რუტინა, რომელიც გამანადგურებელ გავლენას ახდენდა მშრომელების გონებაზე, რის შედეგადაც ისინი კარგავდნენ ენერგიას და ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც მათი პოლიტიკური შრომის ნაყოფიერებაზე უნდა ასახულიყო, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ პასიურად მიეღოთ გართობა. სპორტის მაყურებლებისა და აზარტული თამაშების კრიტიკა საკმაოდ გახშირდა მშრომელთა მოძრაობაში; “თავშეკავების” კამპანიები მიმართული იყო არა მხოლოდ ქრისტიანულ მომავალზე, არამედ იმაზეც, რომ მშრომელებს ოჯახის შემოსავალი სასმელზე არ დაეხარჯათ. მემარცხენე პარტიები ყურადღებას აქცევდნენ პოლიტიკურ განათლებას, თუმცა ამავდროულად, მშრომელებისთვის მისაზიდად იყენებდნენ მუსიკალურ გუნდებს და ქალაქგარეთ გასვლებს.
მემარცხენეებს სურდათ უფრო მეტის გაკეთება ყველაზე პოლიტიზებული მშრომელების შემოერთებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ულტრამემარჯვენეები ცდილობდნენ დასვენების პოლიტიკის თავიანთი ხედვის გავრცელებას. 1925 წელიდან იტალიური ფაშისტური ორგანიზაციები “სამუშაოს შემდეგ” და “ბაცილა” ახალისებდნენ სახელმწიფოსგან სუბსიდირებული დასვენების აქტივობებს. ამგვარად, 1935 წლიდან ნაცისტური გერმანიის პროგრამა “ძალა სიხარულით” სახელმწიფო რესურსებს იყენებდა სპორტული აქტივობებისა და კოლექტიური დასვენებისთვის, რაც სამხედრო და “ეროვნულ” ღირებულებებს ახალისებდა კლასობრივი დაყოფის მიღმა. “პოპულარული ფრონტი” ცდილობდა საკუთარი დემოკრატიული ხედვის დაწინაურებას დასვენების დროსთან დაკავშირებით.
ეს განსაკუთრებით აშკარა იყო ბლუმის სპორტისა და დასვენების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ლეო ლაგღანჟის საქმიანობაში. სახალხო ფრონტის მთავრობის მიერ შექმნილი დასასვენებელი პოლიტიკის როლი თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროს ერგო, მაგრამ შემდეგ განათლების სამინისტრომ შეითავსა. ლაგრანჟის არჩევნები ხშირად ასახავდა სხვაობას სოციალისტურ და ფაშისტურ იმპერატივებს შორის. როგორც ის აღნიშნავდა, “სახალხო ფრონტის” საქმიანობის მიზანი არ იყო მხოლოდ მშრომელთა დასვენების წახალისება, არამედ – მათი ღირსებისაც. მაგალითად, ბერლინის ოლიმპიადაზე წარმოდგენილი ელიტური სპორტისგან განსხვავებით, ლაგღანჟმა მიზნად დაისახა „ნაკლებად შეექმნა ჩემპიონები და 40,000 ან 100,000 მაყურებლის წინაშე სტადიონზე მიიყვანა 22 მოთამაშე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები რეგულარულად მოეწვია სათამაშო მოედანზე და საცურაო აუზზე სასიარულოდ.”
აქ მთავარი იყო ყურადღების თავისუფალ დროზე გამახვილება კლასობრივი დაყოფის გადასალახად – ლაგღაჟი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ჰიტლერის ოლიმპიადის ალტერნატივა “ბარსელონის სახალხო” ოლიმპიადა დააფინანსა, თავადვე უძღვებოდა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სოფლის მეურნეობის მშრომელთა ტურებს პარიზში. მთავრობა მხარს უჭერდა წევრობაზე დაფუძნებულ გაერთიანებებს, რომელთა მიზანიც იყო კოლექტიური თავისუფალი დროის მართვა მფარველობითი ასოციაციების გარეშე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ეკლესიასთან თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, “ლაგღანჟისთვის ეს იძლეოდა საშუალებას, რომ მაღაროელს, ხელოსანს, გლეხს, მოხელესა და მასწავლებელს თანდათან გაეგოთ ადამიანის მუშაობის ერთობა”.
ეს გამოიხატებოდა ქვემოდან წამოსული ინიციატივებით. 1935-38 წლებში “სპორტისა და გიმნასტიკის” პროფკავშირების წევრების რაოდენობა გაიზარდა 42 000-დან 100 000-მდე, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ კლუბები ყველა ქარხნიდან. რა თქმა უნდა, რადგან მშრომელებს ანაზღაურების გარეშე არ შეეძლოთ შვებულებაზე წასვლა, მათ სჭირდებოდათ დროის ეკონომიურად გატარება. სუბსიდირებული მატარებლით მგზავრობა (40%-იანი ფასდაკლება) ამ პოლიტიკის უმთავრესი დასაყრდენი იყო, მაგრამ ამ პოლიტიკას, აგრეთვე, ეხმარებოდა “სახალხო ფრონტის’ ადგილობრივი კომიტეტები და ორგანიზაციები, “არდადეგები ყველას” (რომელიც მშრომელებს ჰპირდებოდა “უფრო მეტს, ვიდრე ბურჟუა ტურიზმის შეღავათიან ვარიანტს”) და “ახალგაზრდების დასვენებისა და აქტივობის კლუბების”/ CLAJ ჰოსტელები.
ისტორიკოსი სიან რეინოლდსი მიუთითებს, რომ “ახალგაზრდების დასვენებისა და აქტივობის კლუბების” როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო უფრო თავისუფალი სოციალური მიღწევებით, კერძოდ, არ ხდებოდა გენდერული სეგრეგაცია (გარდა საერთო საცხოვრებლებისა). ქალებისა და კაცების კოლექტიური სოციალიზაცია, თქვენობითიდან შენობითზე გადასვლა, ქალებისთვის ჩაცმის ნორმების არარსებობა ეფუძნებოდა “კომუნისტური ახალგაზრდობის” პრაქტიკას და ამავდროულად, ძირს უთხრიდა გენდერულ იერარქიებს. ლუსეტ ელეღ–გოლდენბერი აღნიშნავს, რომ “ამან დაასრულა ყალბი ურთიერთობები იმ გოგონებისთვის, რომლებიც მიზანმიმართულნი იყვნენ ქმრის პოვნისკენ და ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც მსხვერპლს ეძებდნენ ”.
სინათლის სხივი
“პოპულარული ფრონტი” სულ ღიმილი და მზის ნათება როდი იყო, რადგან ეს იყო ზრდადი ფაშიზმისგან თავდაცვის ბასტიონი. ლაგღანჟის ზოგი კოლეგა უფრო გულმოდგინედ უყურებდა კულტურული შერევის „პატრიოტულ“ სარგებელს, ვიდრე ოჯახური ნორმების დაკნინების უნარს. მიუხედავად ყველაფრისა, ბლუმის პოლიტიკას დიდი შედეგები ჰქონდა, თუნდაც იგივე პრაქტიკების ბრიტანეთში გაჩენას. ვესმინსტერში საკანონმდებლო მცდელობები ჩავარდა 1929 და 1936 წლებში, თუმცა საფრანგეთის მაგალითით შთაგონებულ პროფკავშირებში ზრდადი მოთხოვნა გაჩნდა ანაზღაურებად შვებულებაზე. მშრომელთა რიცხვი, რომელსაც ამის უფლება 1935-1938 წლებში მიენიჭა, გაიზარდა 1,5 მილიონიდან 7,75 მილიონამდე.
ფინანსურმა წნეხმა და ესპანეთის სამოქალაქო ომმა “სახალხო ფრონტი” შემოდგომაზე დაასრულა. რადიკალმა ლიბერალებმა ზურგი აქციეს და კონსერვატორებს შეუერთდნენ, ისინი ძირს უთხრიდნენ ბლუმის ძირითად მიღწევებს, რომელიც გერმანულმა ოკუპაციამ საბოლოოდ გაანადგურა. ლაგღანჟი ფრონტის ხაზზე მოკლეს 1940 წლის ივნისში, ხოლო ბლუმი ღალატისთვის გაასამართლეს 1942 წელს. ის თავდაუხრელად იცავდა თავის მიღწევებს, სასამართლო დარბაზში დაიცვა თავისი დასასვენებელი პოლიტიკა და გაანადგურა ვიშის მარიონეტული რეჟიმის ოჯახური ღირებულებების რიტორიკა. ებრაელი სოციალისტს ანაზღაურებადმა შვებულებამ შესთავაზა “სინათლის სხივი ბნელ და რთულ ცხოვრებაში”, არა მხოლოდ “შესაძლებლობა მისცა მათ ოჯახური ცხოვრებისთვის, არამედ მისცა მომავლის დაპირება – იმედი”.
ეს სინათლის სხივი კიდევ დიდხანს ემახსოვრებოდათ. ჩარლზ ტრენეტის 1936 წლის სიმღერის “Y’a d’la joie” დაძაბულობა წლების განმავლობაში ჟღერდა, ფოტოგრაფებმა ანრი კარტიე–ბრესონმა და “CLAJ”-ის წევრმა პიერ ჟამეტმა კი უკვდავყვეს ავტოსტოპისა და ლაშქრობის სიხარული. ვიშის რეჟიმის სიბნელემ ჩაახშო 1936 წლის ზაფხულის სინათლე. ზოგიერთმა ისტორიკოსმა ის დამამშვიდებელ მითად ამგვარად წარმოაჩინა – ჯულიან ჯექსონისთვის „მატარებლებიდან წამოსული ხალხის გამოსახულებები გახდა 1936 წლის სიმბოლო, როგორც 1968 წლის ბარიკადები“.
1940 წლის ზაფხულში პარიზულმა ოჯახებმა ჩაალაგეს ბარგი სხვა სახის მოგზაურობისთვის – დედაქალაქის ევაკუაცია გამოცხადდა გერმანელების შემოჭრის გამო. ოკუპაციის ბნელ დღეებშიც კი, ოთხი წლის წინანდელმა ზაფხულმა დატოვა უფრო მეტი, ვიდრე ბედნიერი მოგონებები. არც კომუნისტური და არც სოციალისტური პარტიები აღარ იყვნენ, ისინი კონსერვატორებმა და ვიშის ფაშისტებმა აკრძალეს. მაგრამ სტრუქტურებმა, რომლებიც მუშებმა შექმნეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ თავიანთი ბრძოლით მოპოვებული თავისუფალი დრო, ასევე შექმნეს სოლიდარობის ქსელები, რომლებიც გადაურჩნენ საოკუპაციო პერიოდს და გახდნენ გერმანიის შემოჭრის შემდეგ “CLAJ” შეიარაღებული წინააღდმეგობის დედაბოძი.
დღეს ჩვენი თავისუფალი დრო ნაცისტი “ქარიშხლის ჯარისკაცების” გარდა ახალ მტრებს აწყდება. უფროსები იყენებენ როგორც ჩვენს არამყარ სამუშაო პირობებს, ისე ჩვენს მობილურებს, როდესაც სამუშაოზე მიჯაჭვულებს მუდმივად გვაიძულებენ საგანგებო რეჟიმით ტელეფონებს ვუპასუხოთ, მიუხედავად ცვლის დასრულებისა. მაგრამ შვებულების ანაზღაურება სწორედ ისაა, რაც გვათავისუფლებს თავისუფალ დროსა და ჩვენთვის საჭირო სამუშაოს შორის არჩევანისგან, ეს არის ყველა დამსაქმებლის ვალდებულება, გადაიხადოს ჩვენი შვებულების საფასური, მიუხედავად მათი კონკრეტული გარემოებებისა. 1930-იანი წლების საფრანგეთში, შვებულებისთვის ბრძოლამ ზოგადად გააუმჯობესა ყველა მშრომელის სამუშაო პირობა, მათი უფროსების ხარჯზე. ეს არის სწორედ ის, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება!
ავტორი: დეივიდ ბროუდერი
თარგმანი: რევაზ კარანაძე
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “ჯეიქობინზე” – ორიგინალი წყარო: https://jacobin.com/2019/08/socialists-invented-summer-vacation-popular-front-france