თბილისის მეტროს მშრომელთა ბრძოლა და ისტორიული გამარჯვება


ავტორი: ზაზა ბარბაქაძე, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – ერთობა 2013

გამარჯობა!

ამ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს გაერთიანებას, მის დამფუძნებელ ორგანიზაციებს, ჩვენი გაერთიანების მხარდამჭერ და მეგობარ ორგანიზაციებს და ყველა მშრომელს.

გარდა იმისა, რომ მე ვარ ,,დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების” თავმჯდომარე, ასევე ვარ ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” არსებული დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – ,,ერთობა 2013″-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2001 წლიდან ვმუშაობ სატრანსპორტო კომპანიაში, 2014 წლამდე ვიმუშავე მეტროს მატარებლის მემანქანედ, შემდეგ ჯანმრთელობის  შერყევის გამო ვეღარ შევძელი გვირაბში მუშაობა და გადავედი „ელ. დეპო გლდანში“, სადაც დღემდე ვმუშაობ მორიგედ.

ამ სტატიაში მინდა მოკლედ მოგიყვეთ ,,ერთობა 2013″-ის შესახებ.

მეტროპოლიტენში მუშაობის დაწყებისთანავე დამიბარეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მითხრეს, რომ უნდა დამეწერა განცხადება პროფკავშირში გაწევრიანებისთვის, უფრო სწორად, ხელი უნდა მომეწერა ჩემს სახელზე უკვე შევსებულ ბლანკზე.  მე  მაშინ არ მქონდა ინფორმაცია, რას ნიშნავდა პროფკავშირი, რა თქმა უნდა დავსვი შეკითხვა და იქვე მიპასუხეს, რომ ეს აუცილებელი პროცედურაა. ასე გავხდი მეტროპოლიტენის პროფესიული კავშირის წევრი, რომელიც არის ,,გაერთიანებული პროფესიული კავშირების” წევრი და სამწუხაროდ დღემდე ინარჩუნებს „ყვითელი პროფკავშირის“ სტატუსს. ამ თემაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებ.  

მალევე შევიტყვე, რომ მეტროს მემანქანეებს დაფუძნებული ჰქონდათ დამოუკიდებელი პროფკავშირი. მოვიძიე მეტი ინფორმაცია ამის შესახებ, თუ რატომ დამოუკიდებელი და საერთოდ, რას ნიშნავს პროფკავშირი. ჩემმა კოლეგებმა სრულყოფილი ინფორმაცია მომაწოდეს ჩემთვის საინტერეს საკითხებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გამოვედი ,,ყვითლებიდან” და გავწევრიანდი ,,დამოუკიდებელ პროფკავშირში”. არ მახსენდება არც ერთი პროტესტი, რომელსაც მოჰყვა მშრომელთა ხელფასის ზრდა თუ სხვა პირობების გაუმჯობესება, რომელიც მემანქანეების გარეშე  განხორციელებულიყოს. ეს პროცესები კი, არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა, რამოდენიმეჯერ გაფიცვამდე მივიდა საქმე და ბოლო წუთებში გადაწყდა შრომითი ანაზღაურების მატება. სწორედ ასეთი პროფკავშირის წევრობით მივიღე დიდი გამოცდილება პროფკავშირული საქმიანობის მიმართულებით.

,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როგორც ყველა დამოუკიდებელ და თავისუფალ ინსტიტუტს,  ჩვენც ,,მოგვადგნენ”. ბენდუქიძის შრომის კანონმა სრულიად წაგვართვა ბრძოლით მოპოვებული ყველა ის პირობა, რომელიც ხელფასზე დანამატების სახით გვერიცხებოდა, კერძოდ: ღამის საათების, კვალიფიკაციის, მძიმე და მავნე პირობების, წელთა ნამსახურევის და ა.შ. სამსახურიდან ათავისუფლებდნენ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებსაც არც კი უხსნიდნენ მიზეზს, რის საშუალებასაც იძლეოდა მაშინდელი შრომის კანონი. ერთი სიტყვით, მშრომელ ადამიანებზე ხორციელდებოდა ზეწოლა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვეგუებოდით და დავიწყეთ  გაპროტესტება. ვაცნობეთ კომპანიის დირექციას, რომ ვგეგმავდით გაფიცვას, რასაც იმავე ღამით შედეგად მოჰყვა ჩვენი შეკრების ადგილზე შავფორმიანი და ნიღბიანი რაზმის მობილიზება, რომლებიც ჩვენზე გაცილებით მეტნი იყვნენ. ისინი არ შემოდიოდნენ კონტაქტში და ახორციელებდნენ ჩვენს ფირზე გადაღებას. ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ კვალიფიციურ იურისტთან,  რომელსაც ვკითხეთ რჩევა, როგორ გაგვეგრძელებინა აღნიშნული პროცესი, რაზეც მან გვიპასუხა, რომ სჯობდა საერთოდ შეგვეწყვიტა პროტესტი, რადგან შესაძლოა  ორგანიზატორები დავეპატიმრებინეთ და როგორც მაშინ ხდებოდა, ციხეში წამების მსხვერპლნი გავმხდარიყავით. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესებს და პროტესტს არ უერთდებოდნენ ზემოთ ხსენებული ,,ყვითლები”.

შევწყვიტეთ პროტესტი, თუმცა ამის შემდეგ ორგანიზატორებზე, ლიდერებზე და წევრებზე დაიწყეს ზეწოლა პოლიციელების სახლში მისვლით, თვალთვალით, დაკითხვებით, ოჯახის წევრების დაშინებით და ყველა იმ მეთოდით, რაც მაშინდელ რეჟიმს ახასიათებდა. ასე, ძალადობით გაიყვანეს ხალხი ჩვენი პროფკავშირიდან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი დაშლა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ისევ დავორგანიზდით მემანქანეები, თუმცა ჩემი იდეა იყო, რომ ახალი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის შექმნის ნაცვლად,  შევსულიყავით ,,ყვითლებში”, რათა მოგვეშორებინა სიყვითლე და ერთიანი ძალით გვებრძოლა წართმეული შრომითი პირობების დასაბრუნებლად.

ასეც მოხდა, ჩვენ გავერთიანდით „ყვითლებთან“. მემანქანეებმა, პირველადი ორგანიზაციიდან, გამგეობის წევრებად აგვირჩიეს ორი წარმომადგენელი, მე და აწ განსვენებული ი. ციცქიშვილი. ჩვენ დავიწყეთ შეხვედრების ორგანიზება და უამრავი პრობლემატური საკითხი დავაყენეთ დღის წესრიგში. განსაკუთრებით გვაღელვებდა ის ფაქტი, რომ გამგეობაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც კომპანიაში ეჭირათ ხელძღვანელი პოზიციები. წარმოიდგინეთ, როდესაც დასაქმებული თვლის, რომ ხელმძღვანელი მოექცა არასწორად (რომელიც ამავდროულად პროფკავშირის გამგეობის წევრიცაა), უნდა მივიდეს მასთან, შესჩივლოს, რომ არასწორად მოექცნენ და ამავდროულად სთხოვოს, დაიცვას უსამართლობისაგან, მაშინ, როდესაც უსამართლობა იმავე პირის ჩადენილია, რომელთანაც ,,მსხვერპლი”  დახმარების სათხოვნელად მიდის. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ფინანსური საკითხების გაუმჭვირვალობა.

2012 წელს,  როდესაც იხილებოდა შრომის კანონი, ჩვენი იდეა იყო, რომ ქუთაისში, პარლამენტის წინ წაგვეყვანა რაც შეიძლება მეტი წევრი, რადგან როდესაც კომიტეტის სხდომაზე შევიდოდით, ქვემოთ ყოფილიყო ბევრი მშრომელი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა. როდესაც აღნიშნული საკითხი  დავაყენეთ ჩვენს გამგეობასთან, მათი  უმრავლესობა დაგვთანხმდა. შევთანხმდით, რომ თითოეული „პირველადი“ გავაკეთებდით ორგანიზებას და ოც-ოც წევრს წავიყვანდით პარლამენტთან. თქვენ წარმოიდგინეთ, წავედით 23 წევრი, აქედან 20 მემანქანე და სამი სხვა პოზიციაზე დასაქმებული პირი. თავად თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ხსენებული ,,ხელმძღვანელი და გამგეობის წევრი პირები”  წავიდნენ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით და მოახერხეს ქალაქ ქუთაისში ჩვენზე ადრე ჩასვლა, ჩვენ კი, პროტესტს ვერ ჩავუსწარით, რადგან  გვქონდა შეხვედრის დროსთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია, ამავდროულად,  თავმჯდომარემ იცოდა ჩვენი განწყობა, რომ თუ კომიტეტი არ მიიღებდა მშრომელთა სასიკეთო გადაწყვეტილებას, მემანქანეები გავიფიცებოდით. აღნიშნულმა ფაქტმა, ჩვენსა მათ შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.

ამის შემდეგ, მე და ი. ციცქიშვილი დავესწარით ,,გაერთიანებული პროფესიული კავშირების” გამგეობის სხდომას, სადაც დავაყენეთ საკითხი მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით, ვთხოვეთ მათ, რომ დაეჭირათ მხარი, თავიანთ ორგანიზაციებში მოეწყოთ გაფიცვა და ასე მიგვეღწია მშრომელთათვის უკეთესი პირობებისათვის, თუმცა არც წევრებმა და არც გაერთიანების თავმჯდომარემ, რომელიც უკვე 16 წელია თავმჯდომარეა და ოქტომბერში მეხუთე ვადით აირჩიეს, აღნიშნული თხოვნა ყურად არ იღეს. რამოდენიმე დღის შემდეგ გაერთიანებული პროფესიული კავშირების ოფისის სააქტო დარბაზში შედგა გაფართოებული შეხვედრა მშრომელებთან, სადაც უკვე პირადად შევხვდით და  იგივე შევთავაზეთ გაერთიანების თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ.

ყოველივე ამის შემდეგ, მეტროს პროფკავშირის გამგეობის წევრებთან კიდევ უფრო დაგვეძაბა ურთიერთობა, რაც დაგვირგვინდა იმით, რომ კენჭი უყარეს „მემანქანეების პირველადის“ გარიცხვას პროფკავშირიდან, არა მხოლოდ გამგეობის წევრების, ანუ ჩემი და ი. ციცქიშვილის, არამედ ყველა წევრი მემანქანის.

ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იგრძნეს საფრთხე იმისა, თუ ჩვენ  რიგგარეშე არჩევნებს მოვითხოვდით დამარცხდებოდნენ,  ეს კი,  რა თქმა უნდა, არ აწყობდა არც „ყვითლებს“ და არც მეტროს ადმინისტაციას.

სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ,,ერთობა 2013”-ის დაფუძნება, რაც განვახორციელეთ კიდეც.  ჩვენ მიერ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ი. ციცქიშვილი, რომელიც იყო შ.შ.მ. პირი, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის სატრანსპორტო კომპანიას.

 „ერთობაში“ გაწევრიანების სურვილი მემანქანეების გარდა სხვა პოზიციაზე დასაქმებულებმაც გამოთქვეს, მაგრამ ბევრი მათგანი იყო ,,ყვითლების” წევრი და იქიდან გამოსვლაზე დიდი ზეწოლის და მუქარის გადატანა მოუხდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ამის მიუხედავად, ვინც შემოვიდა „ერთობაში“, ვერაფერი დააკლეს.

,,ერთობის” დაფუძნების შემდეგ, გვქონდა უამრავი სასამართლო პროცესი და არაერთი კოლექტიური დავა. ამ ბრძოლების შედეგად კი დავიბრუნეთ ყველა ის წართმეული პირობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

2016 წელს ჩვენ ვაწარმოეთ კოლექტიური დავა კომპანიასთან, სადაც მოთხოვნილი გვქონდა მედიატორის ჩართვა, რომ იქნებ მოვრიგებულიყავით და გაფიცვამდე არ მისულიყო საქმე, რადგან ჩვენი თვითმიზანი გაფიცვა არასოდეს ყოფილა, თუმცა მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. ჩვენ გვქონდა შემდეგი მოთხოვნები:

  1. ხელფასის 20% -ით ზრდა;
  2. წელთა ნამსახურევის ანაზღაურება;
  3. ღამის საათებში გაწეული შრომითი საქმიანობის გაზრდილი ანაზღაურება.

აღნიშნული პროცესების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ,,ყვითლებთან” არ ,,ვმეგობრობთ”, მაინც შევთავაზეთ, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა პროცესში, თუმცა მივიღეთ უარი.

 როდესაც საქმე გაფიცვამდე მივიდა, წინა საღამოს შედგა შეხვედრა კომპანიის დირექციასთან, სადაც გაიმართა მოლაპარაკება, რომ თუ არ გავიფიცებოდით, წელთა ნამსახურევის და ღამის საათების ანაზღაურებას მოახერხებდნენ, ხოლო ხელფასის ზრდა განხორციელდებოდა 2017 წელს. ჩვენი პირობა კი იყო შემდეგი,  რომ კოლექტიურ ხელშეკრულებაში ჩაწერილიყო ეს შეთანხმება და ასევე მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება, რაზეც შევთანხმდით კიდეც.  აღნიშნული შეხვედრის მომდევნო   დღეს 11:00 საათზე უნდა შევხვედროდით დირექციას, სადაც უკვე გაფორმებოდა კოლექტიური ხელშეკრულება, თუმცა როდესაც ველოდებოდით შეხვედრის დაწყებას, იმ ოთახიდან სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო, გამოვიდნენ „ყვითლების“ თავმჯდომარე, ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე და რამოდენიმე თანმხლები პირი.  ჩვენი გაგვიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, რა საკითხზე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, რაზეც დირექციამ გვიპასუხა, რომ ხელი მოაწერეს იმ შინაარსის შეთანხმებას, რასაც ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ და რისი წინააღმდეგებიც იყვნენ, დირექციაც და „ყვითლებიც“. იქვე გაჩნდა განწყობა, რომ შეგვეწყვიტა  შეხვედრა და გაგვეგრძელებინა დავა, ანუ გავფიცულიყავით, რადგან აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან გაგვაღიზიანა, თუმცა გავითვალისწინეთ წევრების და დასაქმებულების ინტერესი და მოვაწერეთ ხელი კოლექტიურ ხელშეკრულებას. სანამ ჩვენ შეხვედრაზე ვიმყოფებოდით, „ყვითლებმა“ გაავრცელეს შეთანხმების ასლები და არწმუნებდნენ დასაქმებულებს, რომ შეთანხმებით მიღწეული ბენეფიტები იყო მათი მოლაპარაკების შედეგი.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც 2017 წელს შრომითი ანაზღაურების გაზრდას შეეხებოდა კომპანიამ დაარღვია, რის გამოც ისევ დავიწყეთ კოლექტიური დავა.  ჩვენ მოვითხოვეთ თბილისის მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, რათა მერი პირადად ჩაგვეყენებინა საქმის კურსში  შექმნილი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ აღნიშნული შეხვედრა არ შედგა.  

ჩვენ კვლავ მოვითხოვეთ პროცესში მედიატორის ჩართვა. გვქონდა ერთადერთი მოთხოვნა – ხელფასის ზრდა 45%- ით. აღნიშნული პროცესების დასაწყისშიც შევთავაზეთ „ყვითლებს“ რომ ყოფილიყვნენ ჩვენ გვერდით, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ.

როდესაც მოახლოვდა გაფიცვის დღე, კომპანიამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში გაფიცვის ერთი თვით გადავადებასთან დაკავშირებით (ასე მოიქცნენ 2016 წელსაც). სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, ამ ერთი თვის ამოწურვამდე კი, კომპანიამ ისევ შეიტანა სარჩელი მემანქანეებისათვის გაფიცვის აკრძალვის მიზნით. თქვენ წარმოიდგინეთ,  მოსამართლე გიგიჩაშვილმა დააკმაყოფილა სარჩელი და მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა (აღნიშნული გადაწყვეტილება ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა საქმე ჯერ არ განხილულა).

მემანქანეები, მიუხედავად უკანონო განჩინებისა დაემორჩილნენ მას, თუმცა თავად განჩინება გააპროტესტეს შიმშილობის გამოცხადებით და 240-მა მემანქანემ დაიწყო შიმშილობა. ისინი შიმშილობის ფონზე აგრძელებდნენ მუშაობას, თუმცა მომდევნო დილით, როდესაც უნდა გახსნილიყო მეტროს სადგურები, ყველა ლოკაციაზე, სადაც მემანქანეებს მატარებლები უნდა აემუშავებინათ, კომპანიამ მიიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რადგან მემანქანეები აცხადებდნენ, რომ თავს გრძნობენ ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა შეაფასეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადეს დასკვნა, რომ არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა იმ დადგენილ ჯანმრთელობის სტანდარტს, რომლითაც მემანქანეს ეძლევა უფლება მატარებელი მართოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მეტროპოლიტენმა ვერ შეძლო მგზავრების მიღება და რამოდენიმე დღის განმავლობაში მეტრო იყო გაფიცული, 2018 წლის 3 ივნისიდან – 7 ივნისამდე.  გაფიცვამდეც და გაფიცვის დროსაც  რამოდენიმე წევრზე ხორციელდებოდა ირიბი ზეწოლა, ასევე სასწრაფო წესით გაიხსნა მეტროს მემანქანეთა მოსამზადებელი  ჯგუფი, სადაც მიიყვანეს რკინიგზის რამოდენიმე მემანქანეც. ასევე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ სურდათ  მემანქანეების ჩამოყვანა სომხეთის რესპუბლიკიდან. ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს სომეხ კოლეგებს და ავუხსენით შექმნილი სიტუაცია, რასაც, რა თქმა უნდა მათი მხრიდან მოყვა შესაბამისი რეაქცია და ისინი არ ჩამოვიდნენ.

საერთო ჯამში, ძალიან  რთული და სამართლიანი ბრძოლა ვაწარმოეთ. ამ ბრძოლაში გვერდით გვედგა არაერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტი თუ მოქალაქე.

გაფიცვის დაწყებიდან მესამე დღეს (უკვე რამოდენიმე შეხვედრა იყო შემდგარი ჩვენსა და თბილისის მერს შორის და  გამოკვეთილი იყო საკითხები, რაზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა), „ყვითლების“ გამგეობამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ამბობდა, რომ სოლიდარობას გვიცხადებდნენ და რომ გაფიცულებთან მოსვლას და პროტესტში ჩართვას აპირებდნენ (რაზეც მანამდე უარი გვითხრეს). ამაზე გაფიცულები ძალიან გაღიზიანდნენ (გაფიცულები მემაქანეებთან ერთად იყვნენ ერთობის წევრები რომლებიც სხვა პოზიციაზე არიან დასაქმებული, კერძოდ, ზეინკლები, ოსტატები, კონტროლიორები და ა.შ. ეს ის ადამიანები არიან რომელთაც „ყვითლებიდან“ გამოსვლის გამო ზემოთ ხსენებული ზეწოლების გადატანა მოუხდათ).

 „ერთობამ“ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა და მოუწოდა „ყვითლების“ გამგეობის თავმჯდომარეს და წევრებს, რომ არ მისულიყვნენ გაფიცულებთან, რადგან შესაძლოა მომხდარიყო კონფლიქტი და ისინი ასეც მოიქცნენ. 

 გაფიცვა დასრულდა შეთანხმებით. 2019 წლის იანვრიდან, კომპანიის ყველა თანამშრომელს, მიუხედავად იმისა ერთობის წევრი იყო თუ არა, მიუხედავად იმისა გაფიცული იყო თუ არა და საერთოდ ეთანხმებოდა თუ არა ამ პროცესს, ყველას მოემატა ხელფასი (დირექციის გარდა) 10%-დან – 35%-მდე.

გაფიცვის დასრულებიდან მალევე გაერთიანებული პროფესიული კავშირების  თავმჯდომარე შეხვდა თბილისის მერს და მათ შორისაც შედგა შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება გამოაქვეყნა გაერთიანებულმა პროფკავშირმა, სადაც კომენტარს აკეთებს ი. პეტრიაშვილი, რომ თურმე  შეთანხმება შედგებოდა უფრო ადრე იმ პროცესებს რომ არ შეეშალა ხელი, რაც განხორციელდა მეტროში.

აღნიშნული ბრძოლების დეტალების შესახებ საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ სამართლიანი და დაუღალავი შრომის და ბრძოლის შედეგია ის კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც ,,ერთობა 2013″-სა და ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” შორისაა გაფორმებული და რომლის საფუძველზეც ერთობის წევრებს და არა მარტო წევრებს აქვთ შემდეგი დანამატები:

  • მეცამეტე ხელფასი;
  • წელთა ნამსახურევი;
  • სააღდგომო პრემია;
  • ღამის საათების მეტი ტარიფით ანაზღაურება;
  • მძიმე და მავნე პირობების ყოველთვიური დანამატი, კანონით გათვალისწინებული 10 კალენდალურ დღეს + 3 სამუშაო დღე;
  • ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება;
  • სარვამარტო პრემია ქალებისათვის;
  • დაქორწინების შემთხვევაში ფასიანი შვებულება და ფულადი საჩუქარი;
  • შვილის შეძენის შემთხვევაში ფულადი საჩუქარი;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ფასიანი შვებულება და ფულადი დახმარება.

ყოველივე ეს, არის ერთობის თითოეული წევრის, მისი გამგეობის წევრების, ყოფილი თავმჯდომარის ი. ციცქიშვილის და არსებული თავმჯდომარის რ. კაპანაძის ერთობლივი დემოკრატიული მმართველობის და ბრძოლის შედეგი, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს როგორც დასაქმებული, როგორც ერთობის თანადამფუძნებელი, როგორც ერთობის გამგეობის წევრი და როგორც ,,დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების” თავმჯდომარე.

აქვე, მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომლითაც დავასრულებ დღევანდელ საუბარს. გასულ ზაფხულს გვქონდა შეხვედრა სატრანსპორტო კომპანიის დირექციასთან, სადაც ჩვენის მხრივ დაყენებული იქნა საკითხი შრომითი ანაზღაურების ზრდის მიმართულებით. მოგეხსენებათ, კომუნალური გადასახადები, ასევე, ყველა საარსებო და პირველადი მოხმარების პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. ჩვენ გვაქვს კვალიფიციური ეკონომისტების მიერ დათვლილი ნუსხა, თუ რა პროცენტულობით გაგვიძვირდა ცხოვრება 2018 წლიდან  – დღემდე და  სწორედ ეს ანგარიში წარვუდგინეთ დირექციას. გენერალური დირექტორის პასუხი ჟღერდა შემდეგნაირად, რომ კომპანიაში ვერც ახლო და არც გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მოხდება აღნიშნული საკითხის წამოწევა, რადგან კომპანიას არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ, თუ საქართველოში გაძლიერება ეკონომიკა და თუ ქალაქ თბილისის მერია გამოუყოფს სატრანსპორტო კომპანიას საკმარისი რაოდენობით სუბსიდირებას, მომავალში შესაძლოა მოიმატოს შრომითმა ანაზღაურებამ.  ჩვენ ვთხოვეთ გენერალურ დირექტორს დაეორგანიზებინა ჩვენი და თბილისის მერის შეხვედრა, რაზეც დაგვთანხმდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ივლისის თვეში ერთობამ თბილისის მერიაში შეტანა წერილი, მერისა და ჩვენი შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე, თუმცა აღნიშნული წერილიც უპასუხოდ დარჩა.

ერთობამ სექტემბრის თვეში გადაწყვიტა ისევ დაეწყო კოლექტიური დავა, რის შესახებაც წერილობით ვაცნობეთ კომპანიის დირექციას. მეორე დღეს კომპანიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ უახლოეს დღეებში შეგვხვდებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, რაც ნამდილად შედგა, მაგრამ შეხვედრას წინ უძღოდა ,,გაერთიანებული პროფესიული კავშირების” მიერ გამოქვეყნებული სტატია და სიუჟეტი, სადაც ჩანს, რომ სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა ი. პეტრიაშვილს ოფისში და მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად იანვრიდან კომპანიის თანამშრომლებს  ხელფასი გაიზრდებოდა 15% – ით. აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ უშუალოდ  შეხვედრის წინ, შესაბამისად დავსვით შეკითხვა: – „თუ მსგავსი შესაძლებლობა არსებობდა, რატომ გვითხრა დირექტორმა ზაფხულის შეხვედრაზე ის რაც გვითხრა?“. კითხვას ჩვენვე ვპასუხობთ, როდესაც გაიგეს, რომ ვიწყებდით კოლექტიურ დავას, იცოდნენ რა ჩვენი პოზიცია, რომ მოვითხოვდით ხელფასის ზრდას სულ მცირე 21 %-ით, რადგან შრომითი ანაზღაურება შესაბამისობაში ყოფილიყო ფასების მატებასთან, ამავდროულად,  იცოდნენ რა, რომ ჩვენი სიძლიერის და გამოცდილების მქონენი მოვახეხებდით პროტესტის ბოლომდე მიყვანას, ქვეყანაში კი ახლოვდებოდა  ადგილობრივი არჩევნები, ასევე ,,გაერთიანებული პროფესიული კავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის არჩევნები, მოაწყვეს გარიგება. გაფიცვა და პროტესტი წინა საარჩევნოდ, რა თქმა უნდა, არ დაასხამდა წყალს არჩევნების ბედს, შესაბამისად, „ერთობის“ კიდევ ერთი სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი და გამარჯვება არ აწყობდა არც პეტრიაშვილს და არც კომპანიის დირექცის.

კომპანიის მხრიდან ეს იყო „ერთობის“ დისკრიმინაცია, რადგან ჩვენ ვიყავით მოლაპარაკების პროცესში მათთან და სულ მცირე ვალდებულება ჰქონდათ, შეეტყობინებინათ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდნენ ამ კუთხით. ეს იყო უპასუხსმგებლო გადაწყვეტილება, რადგან ამ ნაბიჯით მათ თქვეს უარი დამოუკიდებელ პროფკავშირთან თანამშრომლობაზე.

ხსენებული მემორანდუმის ერთ-ერთი საკითხი არის შესვენების დროის ანაზღაურება. ეს საკითხი შეთანხმდა 2018 წლის შეხვედრაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე, პეტრიაშვილსა და თბილისის მერიის წარმომადგენლობას  შორის რომ შედგა ჩვენი გაფიცვის შემდეგ. გამოდის, რომ  2018 წელს მიღწეული შეთანხმება კომპანიამ დაარღვია და ამასთან დაკავშირებით პასუხი არავინ მოითხოვა, ეხლა კი მხარეები იმავეზე შეთანხმდნენ.

  რადგან მათი შეთანხმება კომპანიამ არ შეასრულა, „ერთობამ“ ამ საკითხზეც დაიწყო კოლექტიური დავა. მოვითხოვეთ მედიატორი, თუმცა კომპანიამ მედიაცია შეწყვიტა და ჩვენთან მედიატორის გარეშე შეთანხმება გადაწყვიტა (რასაც მანამდე ვთავაზობდით).  შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა თანამშრომელი გამოიყენებდა შესვენების დროს თავისუფლად. ამასთან დაკავშირებით ბრძანების სახით ეცნობა ყველა თანამშრომელს. სამწუხაროდ, აღნიშნული ბრძანება რიგ შემთხვევაში ვერ სრულდება, თუმცა ეს არავის უკვირს, რადგან კომპანიის მხრიდან საკუთარ თანამშრომლებზე მსგავსი დამოკიდებულება მათი სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება მოუწევს კომპანიას, ეს დამოკიდებულება შეცვალოს.

სამწუხაროდ, ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” ირღვევა შრომის უფლებებისა თუ უსაფრთხოების მიმართულებით დადგენილი ნორმები, რასაც ერთობის წარმომადგენლები ვებრძვით საკუთარი ძალებით, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ამ პროცესში მოვითხოვოთ შრომის ინსპექციის ჩართულობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე სიტყვა არ გამგრძელდებოდა, მაინც ვრცელი წერილი გამოვიდა, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მოკლედ ვთქვი ის სათქმელი, რაც მინდოდა  გამეზიარებინა.

წარმატება და გამარჯვება მშრომელებს!