ავტორი: ნონა ზანდარაშვილი, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების გამგეობის წევრი, ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელის წევრი;
2020 წელი აღმოჩნდა ერთ-ერთი უმძიმესი წელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. 3.7 მილიონიან ქვეყანაში 17 ათასამდე თანამოქალაქე შეეწირა „კორონავირუსს“. ჯანდაცვის სფეროში უმძიმესი პრობლემები ცხადზე ცხადი გახდა. პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლი ბევრი მედმუშაკი დავკარგეთ სამუშაო მოვალეობის შესრულებისას. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკა სისტემურად შესაცვლელია, ხოლო კერძო ჰოსპიტალური სექტორი საჯაროთი არის ჩასანაცვლებელი. პაციენტის ჯანმრთელობა ვერ იქნება პრიორიტეტი, თუ თვითმიზანი მოგებაზე ორიენტირებული ჯანდაცვაა, სადაც მედმუშაკები უგულებელყოფილნი ვართ.
მედმუშაკები (ექთნები, სანიტრები, ექიმები) წლებია მთლიანად გამორიცხული ვყავართ ბიზნესსა და პოლიტიკურ ელიტებს ქართული ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებიდან. მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალური სექტორის მასიური პრივატიზაცია დაიწყო, ჩვენი ღირებულება, როგორც ჯანდაცვის მომსახურების მთავარი პროდუქტის შემქმნელებისა, დაიკარგა. ეს განაპირობა იმან, რომ პაციენტზე მეტად მნიშვნელოვანი მოგება გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შრომაც გაუფასურდა. დღეს, როდესაც კლინიკების 95% ბიზნესად იქცა, აქ ჯანდაცვის პოლიტიკაზე საუბარი ზედმეტია, რადგან სახეზეა ჩვეულებრივი ბიზნესი.
გამოსავლად მესახება ბრძოლა, კოლეტქიური ბრძოლა, სადაც მედმუშაკები გავერთიანდებით, ხმას ამოვიღებთ, აღარ შეგვეშინდება და ერთად დავდგებით. ჩვენი ყოველდღიურობა ჯოჯოხეთი იყო პანდემიამდეც და ახლაც, – პანდემიის დროსაც. თუ ქვემოდან მშრომელი ექთნები არ ორგანიზდნენ, მაშინ სისტემა უცვლელი დარჩება. მე თვითონ, როგორც ექთანმა გამოვცადე უსამართლო სისტემა ჩემს თავზე და მხოლოდ და მხოლოდ ამ სისტემურ უსამართლობასთან დაპირისპირებამ მომცა საშუალება დამენახა, თუ რა იყო მთავარი პრობლემა და სად შეიძლებოდა მეპოვნა გამოსავალი.
ჩემი ისტორია
იყო ექთანი საქართველოში, ძალიან რთული, დამღლელი და დაუფასებელი პროფესიაა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებზე ზრუნვა ჩვენ გვავალია და სამედიცინო მანიპულაციების უმეტესობასაც ჩვენ ვაკეთებთ, რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, რომ ჩვენი, ექთნების პროფესია არ არის პრესტიჟული, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ კულტურული მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ცუდ სამუშაო პირობებთან და დაბალ ანაზღაურებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს.
დაახლოებით 11 წელი ვმუშაობდი მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში, ნეირო ქირურგიის დეპარტამენტში. აქედან 5 წელი ვიყავი დღის ექთანიც, უმცროსი ექთანიც შეთავსებით (ხელფასის სიმცირის გამო), დეპარტამენტის მთავარი ექთნის თანაშემწეც; შემდეგი 5 წელი კი გადამიყვანეს ჩემივე დეპარტამენტის სუპერვაიზერად. თითქოს სამუშაო გარემოსაც არ ვუჩიოდი, ვიდრე ჩემმა მენეჯერმა არ ამითვალწუნა.
ჩემი მენეჯერი დაახლოებული პირი იყო კლინიკის დირექტორთან. ეს ყოველთვის თვალშისაცემი იყო. მისი სამუშაო დღე ნაცვლად 9:00 სთ-ისა იწყებოდა 12:00 სთ-ზე და მთავრდებოდა 15:30 სთ-ზე (ასევე, მოიცავდა ერთსაათიან შესვენებას). მისი არყოფნისას პაციენტების მაღალტექნოლოგიური კვლევებით დროულად ვერ უზრუნველვყოფდით, ვერც ბინაზე ვწერდით დროულად, შესაბამისად, გაჩნდა ბევრი მომჩივანი და პაციენტის აგრესიული მშობელი. იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაცია, როგორც ექიმების მიმართ, ასევე ჩემ მიმართ. უჩუმრად და ნელა-ნელა ჩემს ფუნქციებს დაემატა მისი ფუნქციებიც.
გავიდა ხანი და მისი იქ ყოფნის დროსაც ექიმები დასახმარებლად სახელობით მე მომმართავდნენ, ეს უკვე აღარ მოეწონა (პრინციპში მოსაწონი არც იყო, თუმცა ჩემი სურვილით არ ხდებოდა). ამიტომ მან გადაწყვიტა, ჩემთვის დეპარტამენტი შეეცვალა და გამომიცხადა „ჩემი კომფორტისთვის ასე მირჩევნიაო“.
2017 წლის სექტემბერში დეპარტამენტი შემაცვლევინა და ნოემბერში სამსახური დამატოვებინეს. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ვერ ვეგუებოდი ამ უსამართლობას. უსამართლობის განცდამ და უფლების შელახვამ ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთავარ მიზნად აქცია. ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. არ მინდოდა არც ახალი სამსახურის ძიება, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა, როგორ მებრძოლა, რა გზებით და რა სტრატეგიით?!
ერთ დღესაც, ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ არსებობდა სოლიდარობის ქსელი (ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი). გადავწყვიტე, მათ დავკავშირებოდი.
ამასობაში შევიტყვე, რომ იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ სამედიცინო პერსონალიდან 87 ადამიანი გაათავისუფლა – ასაკში შესული ექიმები და ისინი, რომლებიც ჰოსპიტალში არსებულ უსამართლობაზე ხმას იღებდნენ. დავორგანიზდით და დავიწყეთ სამოქმედო გეგმის შემუშავება სიმართლის დასამტკიცებლად.
მოვახერხეთ ის, რომ ამ თემამ მიიქცია მედიის ყურადღება და საპარლამენტო კომიტეტშიც გამოვედით სიტყვით, რასაც მოჰყვა გამოხმაურება სხვა მედმუშაკებისგან, რომლებიც გვიკავშირდებონდნენ, გვიყვებოდნენ კაბალური სამუშაო პირობების შესახებ თავიანთ საავადმყოფოებში. სამწუხაროდ, იაშვილის საავადმყოფოდან გამოშვებულების ნაწილმა „თავის გადასარჩენად“ ჩვენთან ერთად ბრძოლაზე უარი თქვა და ბევრი მათგანი ჩვენ წინააღმდეგაც კი წავიდა. სამწუხაროდ, მათ დღემდე ვერ შეძლეს სამართლიანობის აღდგენა და დარჩნენ საავადმყოფოების ადმინისტრაციის მიერ მოტყუებულები – ზოგი სამსახურში არ დააბრუნეს დაპირების მიუხედავად, ან ისევ საშინელ პირობებსა და მიზერულ ხელფასებზე ამუშავებდნენ.
ეს აღმოჩნდა ბრძოლის პირველი ეტაპი, რადგან გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ჩემი კონკრეტული შემთხვევით და მხოლოდ ჩემი თავისთვის ბრძოლით მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემური ცვლილებები მედმუშაკებისთვის ვერ განხორციელდებოდა. საჭირო იყო საყოველთაო ბრძოლა, არა ჩემთვის, არამედ – ყველასთვის.
ჩემი მიზანი გახდა, რომ სხვა ექთნებსაც ამოეღოთ ხმა და ერთად გაგვეპროტესტებინა უსამართლობა. გვეჩვენებინა ძალა, რომელიც მხოლოდ გაერთიანებით გახდებოდა შესაძლებელი. ამიტომ დავიწყეთ დაკავშირება ყველა ექთანთან საქართველოში და სოლიდარობის ქსელში შვექმენით მედმუშაკების პროფკავშირი, რომლის თავმდჯომარედაც მე ამირჩიეს.
ნელ-ნელა უამრავი ექთანი დაგვიკავშირდა და ჩვენი რიგებიც გაიზარდა. სამწლიანი სამართლებრივი ბრძოლა კი ჩემ სასარგებლოდ დასრულდა, რამაც აჩვენა ექთნებს, რომ ევექსის კორპორაცია არ იყო უძლეველი. კორპორაცია არის საქართველოს ბანკის შვილობილი და საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის ბაზრის მონოპოლისტი. ექთნებს მიეცათ ბიძგი, უფრო თამამები გამხდარიყვნენ და დაიწყეს უსამართლობასთან ღია ბრძოლაზე გადასვლა, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმ საშინელ სამუშაო გარემოსა და უსამართლო სახელფასო სისტემაზე ხმამაღლა საუბარს, რომელიც წლებია გაბატონებულია ქართულ ჯანდაცვაში.
პანდემია და ბრძოლა სამართლიანობისთვის
მედმუშაკები წლებია ვსაუბრობთ, ვაპროტესტებთ უსამართლობას, კაბალურ სამუშაო პირობებსა თუ შეუსაბამოდ დაბალ ხელფასებს, თუმცა არც ჰოსპიტალური სექტორი და არც საქართველოს მთავრობები არ გვისმენენ. პოლიტიკა არ იცვლება, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ჩვენ სრულიად მოუმზადებელი დავხვდით პანდემიურ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. წლებია, რაც იწერება უამრავი კვლევა ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლისტების დაკვეთით, ლობისტებისა და მიკერძოებული ექსპერტების ჩართვით. ეს კვლევები არ ასახავს იმ რეალობას, რასაც ჩვენ, მედმუშაკები, ვაწყდებით ყოველდღიურად სამუშაო ადგილზე. ამგვარ მიკერძოებულ და არასრული სურათის მაჩვენებლ კვლევებზე იგება შემდეგ ჯანდაცვის პოლიტიკაც საქართველოში, რაც სინამდვილესთან აცდენილია.
სამუშაო ადგილზე ცუდი მოპყრობა ადმინისტრაციის მხრიდან, პაციენტების შეუსაბამოდ დიდი რაოდენობა, გადაღლა და გადაღლისაგან დაშვებული სამედიცინო შეცდომები სამუშაოს შესრულებისას საქართველოში ექთნად მუშაობის თანმხლები მახასიათებლებია (McHugh & Ma, 2014). საქართველოს კლინიკებში სამედიცინო შეცდომების ძალიან დიდი წილი დაკავშირებულია მედპერსონალის შრომის პირობებსა და ხელფასთან. ქართულ ჰოსპიტალურ სექტორში შეუძლებელია მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე საუბარი, თუ არ გამოვასწორებთ ექთნების შრომის მდგომარეობას და არ გავზრდით ხელფასს. წინასწარი შედეგებით, შესაძლოა ითქვას, რომ მიუხედავად კაბალური სამუშაო პირობებისა და მიზერული ხელფასებისა, არსებული სისტემა არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, პაციენტების რაოდენობისა და ექთნების თანაფარდობას, რაც პირდაპირ აისახება სამუშაოს მიმართ უკმაყოფილებაზე, სამუშაო ადგილზე გადაღლასა და პაციენტებისთვის შესაბამისი მომსახურების ვერ გაწევაზე.
ქვეყანაში საგანგაშოდ დაბალია ექთნების რაოდენობა და ჩვენი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, რადგან ცუდი სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასების გამო ისინი ხშირად ტოვებენ პროფესიას, ხოლო ახალი კადრები არ იქმნება (ქევანიშვილი, 2020). საქართველოში ერთ ექთანზე მოდის დაახლოებით ოთხი ექიმი, როდესაც ეს პირიქით უნდა იყოს (კარანაძე რ., 2019).
დღეს, საქართველოში ექთნების თვიური საშუალო ხელფასი 300 ლარია (ზოგ შემთხვევაში 140 ლარი). პანდემიის პირობებში და მის გარეშეც, ეს მიზერული ანაზღაურება არ შეესაბამება სამუშაოს და არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის (კარანაძე, ჩარკვიანი, ჯაფარიძე, & ომსარაშვილი, 2019). ამის განმაპირობებელი მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დადგენილი სტანდარტი, რომელიც დააწესებს მინიმალურ ზღვარს ღირსეული სახელფასო სისტემის შესაქმნელად, როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე ყველა სხვა სფეროში დასაქმებულთათვის. უკვე 21 წელია, რაც მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია (საქართველოს პრეზიდენტი, 1999).
კოვიდ-19-ის პანდემიამ გვაჩვენა, რომ მსოფლიოშიც და ასევე, საქართველოშიც, ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი. ამიტომ, ჩვენი, როგორც ექთნებისა და ზოგადად, მედმუშაკების პროფკავშირის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახდა. ჩვენი ბრძოლა მედმუშაკების შრომის უფლებებისთვის და სამართლიანი სახელფასო სისტემისთვის არის საფუძველი ყოველივე ამისა. ღირსეული მინიმალური ხელფასი და პაციენტების ექთნებთან თანაფარდობის განსაზღვრა აუცილებელია (პანდემიის პირობებში ექთანზე ცვლაში 40-ზე მეტი პაციენტი მოდის, რაც დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია, ხოლო არაპანდემიურ სიტუაციაში ეს რიცხვი 25-ზე დაბლა იშვიათად ჩამოდის), რადგან აღარ დაგვჭირდეს ორ და სამ სამსახურში მუშაობა და პაციენტებს გავუწიოთ ხარისხიანი მომსახურება.
ამასთანავე, ჯანდაცვა არ უნდა იყოს ბიზნესი, არ შეიძლება ჯანდაცვა მინდობილი იყოს კერძო ინტერესების, ფულის შოვნის მადას, რადგან ჯანდაცვა უფლებაა, ჯანდაცვა სიცოცხლეა და არა ვიღაცა მილიონერისთვის დამატებითი შემოსავალი. თუ ჩვენ ერთმანეთზე არ ვიზრუნებთ და ადამიანი არ იქნება პრიორიტეტი, მაშინ შეუძლებელია საქართველოს მომავალზე ვილაპარაკოთ, რადგან ყველანი წავალთ საზღვარგარეთ და მერე რა მოხდება?!
მე ღრმად მწამს ბრძოლის, მშრომელების ბრძოლისუნარიანობის გაზრდის, პრინციპული და უდრეკი, თავდადებული და სამართლიანი ბრძოლის. ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ ექთნები ხმას ამოიღებენ და უსამართლობას გააპროტესტებენ ძლიერ პროფკავშირთან ერთად, მაშინ და მხოლოდ მაშინ დაიწყება სისტემური ცვლილებები.
ბიბლიოგრაფია
McHugh, M. D., & Ma, C. (2014, August 13). Wage, Work Environment, and Staffing: Effects on Nurse Outcomes. Policy, Politics & Nursing (15). doi:10.1177/1527154414546868
კარანაძე, რ. (2019, აპრილი 11). ექთნების შრომის პირობები და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. საზოგადოებრივი მაუწყებელი. Retrieved from https://1tv.ge/analytics/eqtnebis-shromis-pirobebi-da-khariskhiani-samedicino-momsakhureba/
კარანაძე, რ., ჩარკვიანი, ნ., ჯაფარიძე, ს., & ომსარაშვილი, დ. (2019, მარტი). ექთნების შრომის პირობები საქართველოში. თბილისი, საქართველოს: ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელი.
საქართველოს პრეზიდენტი. (1999, აპრილი 6). მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. Retrieved from https://matsne.gov.ge/ka/document/view/112786?publication=0&fbclid=IwAR1U_ELXGvWbMpsCu-ZX_4B9hpQe1MsAkg8dWHsdOclw9zRDc134y3VS70A
ქევანიშვილი, ე. (2020, დეკემბერი 10). ექთნები ომში: სანამ ყველა. რადიო თავისუფლება. Retrieved from https://www.radiotavisupleba.ge/a/30994085.html