საარსებო მინიმუმი როგორც მოძველებული გაანგარიშების მეთოდი


მოსახლეობის ცხოვრების დონე არის უმნიშვნელოვანესი კატეგორია, რომელიც ასახავს ადამიანის სხვადასხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონეს. ცხოვრების დონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია კი არის საარსებო მინიმუმი, რომლითაც შესაძლებელი უნდა იყოს ძირითადი სასურსათო და არასასურსათო პროდუქტების შეძენა და  კომუნალური ხარჯების გადახდა.

საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საარსებო მინიმუმს განსაზღვრავს როგორც საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების საფუძველს და იგი მიმართულია მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის მხარდასაჭერად. საარსებო მინიმუმი, ამ კანონის შესაბამისად, საფუძვლად უნდა ედებოდეს სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას. 

თუ რისთვის უნდა გამოიყენებოდეს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი, ცხადად არის ჩამოყალიბებული ამ კანონში. ეს არის მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვა, მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარება, ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრა, მოხმარების ნორმების ეტაპობრივი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის დადგენა და ფასების ზრდის შემთხვევაში ამ თანაფარდობის აღდგენა. 

 ამ თვალსაზრისით საარსებო მინიმუმის გამოყენების სფერო კარგადაა ჩამოყალიბებული. შეიძლებოდა კიდევ უფრო დაკონკრეტებაც, მაგალითად, მიზნობრივი სოციალური დახმარების გაწევა ორ სულზე მეტი ოჯახისათვის, რომლის ჯამური შემოსავალი არ აღემატება საარსებო მინიმუმს და რომელიც ზრდის შვილს, და სხვა მსგავსი კონკრეტული პირობები. 

კანონი საარსებო მინიმუმს განმარტავს როგორც ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებით გამოხატულებას, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

მიმაჩნია, რომ მინიმალური როგორც ფიზიოლოგიური, ასევე სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხი სუსტადაა რეალიზებული საარსებო მინიმუმის დათვლის ფარგლებში. 

რა თქმა უნდა, მნიშველოვანია გათვალისწინევულ იქნას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტთა რეკომენდაციები კვების ნორმატივებთან დაკავშირებით. მაგრამ ასევე აუცილებელია მინიმალური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კუთხით ჩვენი ქვეყნის სასურსათო ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინება. 

2003 წლის კანონმდებლობაში, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში, დეტალურად არის გაწერილი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების რეკომენდებული მოხმარების ნორმები. მაგრამ აქ არსებობს ჩვენი ქვეყნის გარკვეული სპეციფიკა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისიწნებული.

კერძოდ, საუბარია ისეთი სახის სასურსათო პროდუქციაზე, რომლის ფაქტობრივი კალორიულობა და შემადგენლობა არ შეესაბამება დეკლარირებულს. მაგალითად, კარაქი და მარგარინი. საქართველოში ხარისხიანი, მარგარინის მინარევის გარეშე კარაქი არ იყიდება. უფრო მეტიც, კარაქი და სხვა სახის რძის პროდუქცია ფაქტიბრივად მცენარეული წარმოშობისაა, ვგულისხმობ პალმის ზეთს, რომელიც საქართველოში იმპორტირდება ათეულობით ათასი ტონის ოდენობით.

 ფაქტობრივად, კარაქის კალორიულობა პრაქტიკულად იგივეა, რაც მარგარინის კალორიულობა. რძის პროდუქტების შემადგენლობა არ განსხვავდება პალმის ზეთის პარამეტრებისაგან.  თუ ვინმემ მაღაზიაში იყიდა ცხოველური წარმოშობის კარაქი, რძე და რძის პროდუქტები, შემიძლია მოგილოცოთ. იმიტომ რომ მაღაზიების თაროები ავსებულია პალმის ზეთზე დამზადებული რძის პროდუქტებით.

შესაბამისად, საერთო დღიური კალორიულობა და სასარგებლო ნივთიერების შემცველობა ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად განსხვავდება კანონმდებლობით დეკლარირებულისაგან. ეს გარემოება ამცირების საარსებო მინიმუმის დღიურ კალორიულობას. აღარაფერს ვიტყვი ძეხვეულზე. ეს პრაქტიკულად უხორცო პროდუქტი, დამზადებული, უკეთეს შემთხვევაში სოიოზე, ცალკე სასაუბრო თემაა. შესაბამისად, დღიური 2300 კალორიიდან გაჭირვებით თუ შეგროვდება 1800 კალორია, ხოლო ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების რეკომენდებული მოხმარების ნორმების დაცვაზე საუბარიც კი ზედმეტია. ფაქტობრივად,საქართველოს რეალიებიდან გამომდიანრე შეუძლებელია კანონმდებლობით დადგენილი სასურსათო კალათის აღიარება როგორც  ფიზიოლოგიური ნორმისა. იგი შრომისუნარიან მამაკაცს გახდის შრომისუუნაროს და დააკარგვინებს რეპროდუქტიულობის უნარს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ყველაზე ღირებული პროდუქტების მოხმარების ნორმები იყო მნიშნელოვნად უფრო მაღალი. ასე, მაგალითად, ხორცის მოხმარების ნორმა  ერთ სულზე საშუალოდ შეადგენდა 73 კგ., დღეს იგი წელიწადში 25 კგ. შეადგენს, თევზის მოხმარება წელიწადში – 23 კგ. იყო, დღეს კი 14,5 კგ-ია,  კვერცხის მოხმარება წელიწადში 280 ცალი იყო, დღეს კი 182 ცალია, რძის მოხმარება – 389 კგ. იყო, დღეს კი 55 კგ.,  ხილის 80 კგ, დღეს კი – 55 კგ,  ბოსტნეულისა და ბაღჩეულის – 161 კგ, დღეს კი 123 კგ. პურის – 110 კგ.-სანაცლად დღევანდელი 91 კგ.-სა.

ფაქტობრივად, არსებული მეთოდოლოგიით საქსტატის მიერ გაანგარიშებული დღიური 2300 კილოკალორია სულაც არ არის საკმარისი ერთი სული მოსახლის მინიმალური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი უნდა იყოს არანაკლები 2700 კალორიისა დღეში. ეს საყვედური ალბათ უფრო ეკუთვნის ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია საარსებო მინიმუმისათვის სასურსათო კალათის შემადგენლობა.

გამომდინარე აქედან, შრომისუნარიან მამაკაცზე მინიმალური სასურსათო შემადგენლობა ვერ ასახავს ქვეუანაში არსებულ რეალიებს, არის არაკორექტული და მისი თანხობრივი გამოსახულება ამცირებს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს.

იგივე 2003 წლის კანონმდებლობით საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობა დიფერენცირებულია ენერგოხარჯვების მიხედვით ხუთ ჯგუფად შესრულებული სამუსაოების შესაბამისად. ამასთან ეს ჯგუფები დაყოფილია  ასაკობრივ კატეგორიებად 18-29; 30-39 და 40-59 წელი. 59 წელს ზევით პირთა მოთხოვნილება დიფერენცირებულია ორ ასაკობრივ კატეგორიად: 60-74, 75 წელი და ზევით.

გარდა ამისა, საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები დადგენილია მამაკაცებისათვის, ქალებისათვის, ხანდაზმულებისათვის და მოხუცებისათვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.

როგორც ვხედავთ, კანონმდებლები იმ პერიოდში გაისარჯნენ იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი დათვლილიყო ყველა ამ კატეგორიის ადამიანებისათვის. მიუხედავად ამისა, ზემოთჩამოთვლილი ნორმები ფაქტობრივად არ გამოიყენება, ვინაიდან  სასურსათო კალათის გაანგარიშება არ ხდება ზემოთჩამოთვლილ ადამიანთა კატეგორიების მიხედვით. რატომ? იმიტომ, რომ 1997 წლის კანონის თანხმად „საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა“. 25 წლის წინ მიღებული მორმა დღესაც არის უცვლელი, ხოლო ამავე კანონით გათვალისწინებული საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია განახორციელოს  საქართველოს მთავრობამ დადგენილებით, საქსტატის, ჯანდაცვის, ფინანსთა  და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარდგინების საფუძველზე. ცხოვრება წინ მიდის, სხვა ქვეყნები ცდილობენ გააუმჯობესონ ე.წ. ‘სოციალური ორინტირის“ დათვლის მეთოდოლოგია და მიუსადაგონ იგი დღევანდელ რეალიებს. მაგრამ არა საქართველოში. 

საქსტატის მიერ მიერ  2004 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ითვლებოდა  შემდეგი მაჩვენებელები:

ა) შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი;

ბ) საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი;

გ) საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი;

დ) ერთსულიანი, ორსულიანი, სამსულიანი, ოთხსულიანი, ხუთსულიანი, ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი.

ფაქტობრივად, საშუალო მინიმუმი საშუალო მომხმარებელზე და ოჯახზე გაითვლება მხოლოდ შრომისუნარიანი მამაკაცის მინიმუმის მონაცემების საფუძველზე. ეს კი პრონციპულად არასწორ ინფორმაციას იძლევა, ვინაიდან როგორც საშუალო მომხმარებელი, ასევე ოჯახის შემადგენლობა სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებისაგან შედგება. მიზანშეწონილად მიმაჩნია საარსებო მინიმუმი გათვლილ იქნას ქალზე, ბავშვზე, მოხუცებულზე ასაკის ჭრილში, მით უფრო, რომ შესაბამის კანონში უკვე აღწერილია ამ კატეგორიის ადამიანებისათვის საკვების ფიზიოლოგიური ნორმები.  

2021 წლიდან საქსტატი ითვლის მხოლოდ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს. სხვა დანარჩენი პარამეტრები, რომლებიც ავად თუ კარგად ითვლებოდა და ქვეყნდებოდა, აღარ არის აქტუალური საქსტატისათვის. ამასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

აუცილებელია საარსებო მინიმუმი გათვლილი იყოს რეგიონების ჭრილშიც, ვინაიდან, ვთქვათ, მესტიის სასურსათო კალათა მნიშნელოვნად განსხვავდება ლაგოდეხის სასურსათო კალათისაგან და მინიმალური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პროდუქტების განსხვავებული ნაკრებია საჭირო. ამრიგად, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ქვეყნის კლიმატური ზონები, მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების კვების სპეციფიკა. ფაქტობრივად, აუცილებელია საარსებო მინიმუმის რამოდენიმე მაჩვენებლის გაანგარიშება ზემოთჩამოთვლილი პარამეტრების გათვალისწინებით.

კანონით განსაზღვრულია, რომ საარსებო მინიმუმში გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმალური სოციალური მოთხოვნილებები. ამასთან, კანონი აკონკრეტებს მეთოდსაც, რომლითაც უნდა იქნას გაანგარიშებული დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს. დღეისათვის კანონის ეს მუხლი არ სრულდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას არ ითვლება მინიმალური სოციალური მოთხოვნილებები.

რა შედის სოციალურ მოთხოვნილებებში? ეს არის არასასურსათო საქონელი და მომსახურება. რაც შეეხება გადასახადებს, ეს კატეგორია აუცილებლად ინდა შედიოდეს საარსებო მინიმუმის გათვლაში მანამდე, სანამ ეს საარსებო მინიმუმი იბეგრება. ასეთი სასწაული ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება. ამასთან კანონით დადგენილია, რომ სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.

არასასურსათო საქონელს მიეკუთვნება ინდივიდუალური სარგებლობის საქონელი, საოჯახო სარგებლობის საქონელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების საქონელი, პირველადი აუცილებლობის საქონელი და სხვა. მომსახურებას მიეკუთვნება კომუნალური ხარჯები, ტრანსპორტის ხარჯი, სამედიცინო მომსახურება და სხვ. ყოველივე ეს უნდა იყოს გათვალისწინებული საარსებო მინიმუმის გათვლისას, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

რეალობაში კი სიტუაცია არის სასაცილო, სატირალი რომ არ ყოფილიყო. საქსტატის მეთოდით „საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის“.

ეს 0.7 კოეფიციენტი არის ძალიან უცნაური. ალბათ, მიძნეულ იქნა, რომ საარსებო მინიმუმის 70 პროცენტს უნდა შეადგენდეს სასურსათო კალათა, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტის მოდის არასასურსატო ხარჯებზე. 

დღევანდელი, და სიმართლე ვთქვათ, უკანასკნელი 15 წლის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სურსათის მოხმარების წილი აშკარად კლებულობს, ხოლო ისეთი არასასურსატო ხარჯები, როგორიცაა კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტის და სხვა ხარჯების დონე გაიზარდა. უფრო მეტიც, იგი სისტემატურად იზრდება, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები კი ფაქტობრივად იზრდება ბევრად უფრო ნაკლები ტემპებით. ამიტომ ასეთი არასამართლიანი თანაფარდობა 70/30 არ ასახავს დღევანდელ რეალიებს და ხელოვნურად ამცირებს საარსებო მინიმუმის ღურებულებას.

თუმცა ესეც არ იქნებოდა დიდი პრობლემა, რომ არა სასურსათო მინიმუმის გაანგარიშების ორიგინალური მეთო, რომელიც მდგომარეობს სასურსათო კალათის 30 პროცენტის მიჩნევაში არასასურსათო ხარჯებად. რა ლოგიკა დევს ამ უცნაურობაში, დიდ საიდუმლოებას წარმოადგენს. ასევე დიდი საიდუმლოებაა, თუ როგორ ხდება სასურსათო ხარჯების ტრანსფორმირება არასასურსათო ხარჯებად. არითმეტიკულ საოცრებას მიეკუთვნება 10 ვაშლს გამოკლებული სამი მსხალი და ამ ვაშელებისა და მსხლების დაჯამებით ქლიავი შედეგის მიღება. 

ყოველი ეს მეტყველებს იმაზე, რომ უგულებელყოფილია კანონის მოთხოვნა არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე დანახარჯების სტატისტიკური მეთოდით დათვლის თაობაზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოხმარების ფაქტიურ დონეს. შესაბამისად, ასეთი უცნაური მანიპულაციებით საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი აშკარად არის შემცირებული.

კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ამცირებს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, არის ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტის“ არსებობისა და გაანგარიშების ფაქტი. საქსტატის ინფორმაციით, „სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, რომელიც გაანგარიშებულ იქნა  სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებისა და შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევიდან მიღებული ანალოგიური მონაცემების შედარებით“. აღნიშნული კოეფიციენტი საქსტატის მოსაზრებით შეადგენს 0.865. შესაძლოა ამ კოეფიციენტის არსებობა სამართლიანი ყოფილიყო 20 წლის წინ, როდესაც სასურსათო კრიზისის პირობებში მოსახლეობა საკვებ პროდუქტებს იძენდა არა მაღაზიებში, არამედ საკოლმეურნეო ბაზრებზე. დღეისათვის კი ასეთი კოეფიციენტის არსებობა ასახავს შრომისუნარიანი მამაკაცის აბსოლუტურ დამოკიდებულებას ჯერ კიდევ შემორჩენილ საკოლმეურნეო ბაზრებზე, ან მის დამოკიდებულებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე გასვლით შეძენილ კვების პროდუქტებზე. ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, თუმცა რეალობა ასეთია, რომ ეს ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტი“ ამცირებს სასურსათო კალათის რეალურ ღირებულებას და როგორც შედეგი, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს.

ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი არა მარტო მოძველებულია და არ შეესაბამება ქვეყანაში დღეს არსებულ რეალიებს, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების მიერ მიტოვებულია საქსტატის ანაბარად. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატი თვითონაც კარგად ხედავს, რომ ამ მაჩვენებლის დათვლის მეთოდი არის შესაცვლელი, რისთვისაც მას გააჩნია კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მთავრობას, იგი  ამისათვის თავს არ იწუხებს. რატომ? ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ორი ძირითადი გარემოების არსებობა.

პირველი გარემოება იმაში მგომარეობს, მთავრობა, და განსაკუთრებით, ფინანსთა სამინისტრო არ იქნება მოხარული, თუ საარსებო მინიმუმი გაიზრდება 500 ლარამდე. მაშინ საზოგადოების ზეწოლით იგი იძულებული იქნება გაზარდოს სოციალური შემწეობები, რაც გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს. ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმის რეალური მაჩვენებლის გათვლა მთავრობისათვის არ არის ხელსაყრელი მიმდინარე ეტაპზე.

მეორე გარემოებად შესაძლებელია მივიჩნიოთ ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქსტატმა ვერ მოიცალა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის, ვინაიდან იგი სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ სამუშაო საათებში ეკონომიკის სუბიექტებიდან სავალდებულო წესით მიღებული ინფორმაცით ვაჭრობს და საკმაოდ მსუყე ტარიფებითაც. ამასთან, მიღებული შემოსავალი რჩება საქსტატში და არ გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ალბათ საქართველოს პარლამენტი უნდა დაინტერესდეს საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული საჯარო დაწესებულების ბიზნესის სუბიექტად გარდაქმნის საკითხით. 

როგორია საარსებო მინიმუმის გათვლის საერთაშორისო პრაქტიკა.

აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი მჭიდრო კავშირშია სოციალურ უზუნველყოფასთან, ვინაიდან ზომავს მინიმალურ მოთხოვნებს ჯანსაღი ცხოვრებისათვის. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარის გაანგარიშების ყველაზე გავრცელებულია მეთოდია ძირითადი მოთხოვნილებების ღირებულების გაანგარიშება. ეს მეთოდი, გაეროს ინფორმაციით, გამოიყენება ქვეყნების ორ მესამედში აბსოლუტური სითარიბის ზღვარის გაანგარიშებისას.

ფარდობითი სიღარიბის ზრვარის გაანგარიშებას ახორციელებს მრავალი განვითარებული ქვეყანა, განსაკუთრებით ეგთო-ს ქვეყნები. იგი ეფუძნება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სიღარიბე უნდა  შეფასდეს საზოგადოების კეთილდღეობასთან შედარებით. ეს მეთოდი არის ტექნიკურად მარტივი და ადვილად გაანგარიშებადი, ასევე იგი ფართოდ გამოიყენება ქვეყანათაშრისი შედარებებისათვის. თუმცა, ფარდობითი სიღარიბის ზღვარის მაჩვენებელი ჩვეულებრივ არ გამოიყენება როგორც სოციალური უზრუნველყოფის ზღვარი.

აბსოლუტური სიღარიბის ზღვარის გათვლისას გამოიყენება საბაზოსი მოთხოვნილებების გაანგარიშების მეთოდი. ამასთან აბსოლუტური სირარიბის ზღვარი ცალ-ცალკე ითვლება კვების პროდუქტებისათვის და არასასურსათო საქონლისათვის. ორივე ეს მაჩვენებელი ასახვს საცხოვრებელ მინიმუმს ცალკე აღებულ ქვეყანაში.

სასურსათო სიღარიბის ზღვარი ფასდება სამი პარამეტრის მიხედვით:

1. კვებაში მინიმალური მოთხოვნილებების შეფასება.

2. კვებაში მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სასურსათო კალათის განსაზღვრა.

3. ამ სასურსათო კალათის როგორც სასურსათო სიღარიბის ზღვარის ღირებულების გაანგარიშება.

ცაკლკე გაიანგარიშება არასასურსათო მოთხოვნილებების მინიმალური სიდიდე როგორც არასასურსათო სიღარიბის ზღვარი, რომლის დაჯამება სასურსათო სიღარიბის ზღვართან იძლევა სიღარიბის საერთო ზღცარს.

ევროპის ქვეყნების პრაქტიკა, საქართველოსაგან განსხვავებით, ეყრდნობა სიღარიბის ზღვარის გათვლისას  მოსახლეობის შემოსავლის მედიანურ დონეს. ამ მეთოდის თანახმად გაითვლება არა  დამოკიდებულება სასურსათო და არასასურსათო საქონლისა და მომსახურების მინიმალური ნაკრების ღირებულება, არამედ ადამიანის მინიმალური სასიცოცხლო შემოსავლის დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული მოსახლეობის საშუალო შემოსავალზე. 

ევროპული ქვეყნების საარსებო მინიმუმი მიზნად ისახავს ცხოვრების ღირსეული დონის უზრუნველყოფას. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა გამოთანაბრდეს მოსახლეობის შემოსავლებს შორის სხვაობა და უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის უღარიბესი ფენების ცხოვრების ღირსეული დონე.

ევროპის ქვეყნებში სამომხმარებლო კალათა შედგება რამდენიმე ასეული საქონლისგან, რომლებიც გაერთიანებულია სტანდარტულ ჯგუფებად.  გარდა ამისა,  გაიანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება ცხოვრების ღირებულების ინდექსირებისთვის.

ასე, მაგალითად, გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშება დაფუძნებულია კალათაზე, რომელშიც ჩართულია ქვეყანაში მოხმარებული ყველა საქონელი და მომსახურება. ეს კალათა ორდონიანია. ზედა დონეზე გაითვალისწინება 600 დასახელების საქონელი, მათ შორის ტაქსის მომსახურება და ბეჭდური მედიის ღირებულება. გაიანგარიშენა ამ საქონლის ხვედრითი წონები, რომლებიც ჩაირთვება სამომხმარებლო ფასების ინდექსში და რომლებიც უცვლელია 5 წლის განმავლობაში. ქვედა დონეზეა კონკრეტული საქონლის ზუსტი ჩამონათვალი და მისი ფასი მაღაზიებში. ამ დონეზე კალათა სისტემატურად ახლდება ახალი საქონლის გაჩენის ან ძველის ჩანაცვლების საჭიროების შესაბამისად. გლობალურ პანდემიამდე პერიოდში გერმანიაში საცხოვრებელი მინიმუმი შეადგენდა 9 ათას ევროს წელიწადში მომუშავე მოზრდილ ადამიანზე.

კანადაში მინიმალური სამომხმარებლო კალათის მეთოდი გამოიყენება როგორც სიღარიბის მინიმალური აბსოლუტური ზღვარის განსაზღვრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მინიმალური სამომხმარებლო კალათის მეთოდი გამოიყენება საქონლისა და მომსახურების გარკვეული კალათის შეძენის ღირებულების გამოსათვლელად, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების მინიმალურ აუცილებელ სტანდარტს და ადამიანის სოციალიზაციას, კერძოდ:

– საკვები პროდუქტები;

– ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

– მედიანური ქირა რეგიონში და ტერიტორიაზე;

– რეგიონში ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯი;

– სხვა საჭირო საქონლისა და მომსახურების ხარჯი.

მინიმალური სამომხმარებლო კალათა გამოითვლება ორი ზრდასრული და ორი ბავშვის შემადგენლობის ოჯახისთვის, სხვადასხვა რაიონებისათვის.

სასურსათო კალათის შემადგენლობა განისაზღვრება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოთხსულიანი ოჯახის ყოველკვირეული საკვები კალათის რეკომენდაციების საფუძველზე. კანადაში მას ასევე უწოდებენ ეროვნულ სასურსათო კალათას.

მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს, არის სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს კალათაში საკვების წილს, რომელიც შეადგენს 16 პროცენტს, ხოლო სახცოვრებელი და კომუნალური ხარჯების წილია 26 პროცენტი. 

მინიმალური საარსებო კალათის გაანგარიშების ზემოხსენებული მაგალითები საქართველოს მეთოდოლოგიის ანალოგიური და წარმოაგენს საარსებო მინიმუმის დადგენის მარტივ ხერხს. რა თქმა უნდა, ეს ანალოგია შეინიშნება მხოლოდ სასურსათო კალათის დადგენის მეთოდოლოგიაში. რაც შეეხება არასასურსათო კალათას, მისი შემადგენელი საქონლისა და მომსახურების დაწვრილებითი ჩამონათვალის გაანგარიშება მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას. ამასთან, არასასურსათო კალათიების სპეციფიკა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ალბანეთს მასში ჩართული აქვს თამბაქოს და გართობის ხარჯები, ხოლო განბიაში კი – საცხოვრისის ქირის, ტანსაცმლის, ხე-ტყის, ტრანსპორტის, განათლების და ჯანდაცვის ხარჯები. ალბანეთიც და გამბიაც კი ითვლის არასასურსათო კალათას, საქართველოსაგან განსხვავებით.  

პირდაპირი მეთოდისაგან განსხვავებით, სადაც გამოიყენება ყველა არასასურსათო ხარჯი, ფართოდ არის მიღებული არასასურსათო ხარჯის არაპირდაპირი შეფასებაც. ეს მიდგომა ითვლის ენგელის კოეფიციენტს, საკვების მოხმარების წილს მთლიან ხარჯებში. ენგელის კოეფიციენტის გამოსათვლელად ორი გზა არსებობს: რეგრესიული და საშუალო.

რეგრესიის მიდგომა ეფუძნება ეკონომიკაში ხისტი მოხმარების თეორიას და წარმოადგენს ყველაზე რაციონალური და საიმედო ხერხს არასასურსათო საქონლის მოხმარების ღირებულების დასადგენად. ეს მეთოდი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კამბოჯას, მონღოლეთს და ვიეტნამს.

რეგრესიის მიდგომა ფოკუსირებულია შინამეურნეობებზე, რომელთა ჯამური დანახარჯები ტოლია. შინამეურნეობების საკვებისა და არასასურსათო ხარჯების თანაფარდობის გაანგარიშებისას დგინდება არასასურსათო დანახარჯების ოდენობა.

ენგელის კოეფიციენტის გაანაგრიშებისას იყენებენ უფრო ტრადიციულ გასაშუალოების მეთოდს, რომლითაც უბრალოდ გაითვლება კცების ხარჯების წილი საერთო ხარჯებში და მიიღება ენგელის კოეფიციენტი.

საქართველოს პრეზიდენტის  2002 წლის 22 აპრილის №192 ბრძანებულება „მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის თანაფარდობის გაუმჯობესების 2002-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი დოკუმენტია, რომელიც წარმატებით არის დასამარებული და არავის ახსოვს. ამ ბრძანებულების თანახმად საარსებო მინიმუმი არის უმნიშვნელოვანესი საქონლისა და მომსახურების მოხმარების მაჩვენებელი მინიმალურად დასაშვებ დონეზე. ეს სოციალური ნორმატივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ანალიზის სისტემაში გამოდის როგორც სიღარიბის ზღვარი. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ძალის დამაკმაყოფილებელ კვლავწარმოებას, ამასთან არ მოიცავს საქონლისა და მომსახურების სრულ ნაკრებს (ითვალისწინებს მხოლოდ მის ყველაზე აუცილებელ ნაწილს), იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური პოლიტიკის დროებითი ინსტრუმენტი. ამის მიუხედავად, გარდამავალი პერიოდის თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის შემოსავლების დაცემით, ხოლო ხელფასის საერთო დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ სოციალური ნორმატივის სიდიდეს, განვითარების განსაზღვრულ პერიოდში იგი სოციალური ორიენტირის როლშია. 

სამწუხაროდ, ნახსენები „განვითარების განსაზღვრული პერიოდი“ და სხვა სახის პრობლემები საქართველოში გრძელდება უკვე 20 წელია და ჯერაც არ არის დამთავრებული. 

აქვე მინდა შეგახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

ხელოვნურად შემცირებული საარსებო მინიმუმი ხატავს ბევრად უფრო ოპტიმისტურ სურათს იმისა, თუ როგორია სიღარიბის დონე საქართველოში. კანონის შესაბამისად და ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი ღირებულებით გამოხატულებაში იქნებოდა უფრო დიდი და მიუახლოვდებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიღარიბის რეალურ დონეს.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი, ანუ იგივე საარსებო მინიმუმი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკასთან იმიტომ, რომ იგი ზომავს ჯანსაღი ცხოვრებისადმი მინიმალურ მოთხოვნებს. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარის გაანგარიშების მეთოდიკა ფართოდ გამოიყენება განვითარებად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე და განვითარებულ ქვეყნებში. გაეროს სტატისტიკური განყოფილების მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების ორი მესამედი ითვლის აბსოლუტური სუღარიბის ზღვარს. 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიღარიბის ზღვარის დახარჯების მეთოდით დადგენა უნდა მოიცავდეს სასურსათო სიღარიბის ზღვარს და არასასურსათო სიღარიბის ზღვარს, და არამარტო შრომისუნარიანი მამაკაცისათვის. ეს ნიშნავს, რომ სიღარიბის ერთობლივი ზღვარი, ანუ საარსებო მინიმუმი, ქვეყანაში უნდა გაიანგარიშებოდეს სასურსათო და არასასურსათო სიღარიბის ზღვრების შეკრების გზით. ეს მეთოდოლოგია კარგად არის შემუშავებული და გააჩნია საქსტატს. ჯერი დგება მხოლოდ იმისათვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია საქსტატმა პირნათლად გამოიყენოს საარსებო მინიმუმის დათვლისას და არ შეიყვანოს შეცდომაში არც მთავრობა, არც მეცნიერები და არც მთლიანად საზოგადოება. 

ლია ელიავა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი 

,