რატომ გვჭირდება მინიმალური ხელფასი და პროგრესული გადასადები 


27 მარტს, თბილისში, საწვავის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. დემონსტრანტებმა მთავრობას ფასების შემცირების საკუთარი ხედვაც გააცნეს: საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირება, ან მცურავ რეჟიმზე გადაყვანა.

ეს არ იყო მხოლოდ საწვავის ფასების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, არამედ იმ დაგროვილი უსამართლობის განცდის ამოხეთქაა, რომელიც მიმდინარე ინფლაციის ფონზე გამძაფრებულმა ქრონიკულმა სიღარიბემ და უთანასწორობამ გააჩინა.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ნავთობის ფასების ნახტომისებური გაძვირება გამოიწვია. საწვავზე, როგორც ძირითად პროდუქტზე ფასის გაძვირება პირდაპირ აისახება სხვა სამომხმარებლო პროდუქტების ფასების გაძვირებაზე. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის ფონზე, საქართველოში, როგორც საწვავის იმპორტიორ ქვეყანაში ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია აგრეთვე სხვა საქონლის ნახტომისებრი გაძვირება. დღევანდელ 13% იან ინფლაციაში განსაკუთრებით მაღალია საკვები პროდუქტის წილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანების ყოფას და აღარიბებს მათ.

ნავთობის ფასების ზრდა არ არის მხოლოდ ორნიშნა ინფლაციის მიზეზი. ბოლო რამდენიმე წელია ლარი დოლართან მიმართებაში ეტაპობრივად უფასურდება. საქართველოსთვის დამახასიათებელი იმპორტდამოკიდებულებისა და მაღალი სავაჭრო დეფიციტის პირობებში ეროვნული ვალუტის კურსი ხდება ინფლაციის მთავარი მიზეზი. ეროვნული ბანკი კი, კვლავ ებღაუჭება მიზნობრივი ინფლაციის 3% -იან მაჩვენებელს, რომელსაც ვერასდროს ინარჩუნებს, მაგრამ ჯიუტად რჩება ამ არასწორი პოლიტიკის ერთგული. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ინფლაცია იმპორტირებულია.

სხვა ტიპის ეკონომიკური წესრიგისთვის საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირება ან გაუქმება შეიძლება სწორი ნაბიჯი ყოფილიყო პრობლემასთან გასამკლავებლად, მაგრამ ჩვენთან პრობლემა არა მხოლოდ აქციზის ფასშია, არამედ მთლიანად ნეოლიბერალურ წესრიგში, რომელსაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განუხრელად ინარჩუნებს.

ჩვენს შემთხვევაში ამ ეკონომიკური წესრიგის მანიფესტაციის ორ მახასიათებელზე მინდა გავამახვილო ყურადღება: საგადასახადო სისტემა და მინიმალური ხელფასი. პირველის გამო საგადასახადო ტვირთი უსამართლოდ აწვება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, ხოლო მეორე უბრალოდ არ არსებობს.

რეგრესული ხასიათის გამო არაპირდაპირი გადასახადები, როგორიც არის დღგ და აქციზი არაპროპორციულად მძიმედ აწვება ღარიბ მოსახლეობას. საქართველოში ბიუჯეტის 52 % სწორედ ამ ტიპის გადასახადებით ივსება. ხოლო საშემოსავლო გადასახადი კი ბიუჯეტის მხოლოდ 32 %- ს წარმოადგენს. საქართველოში არსებული ბრტყელი გადასახადის გამო, სადაც მიუხედავად ხელფასისა ყველა 20% -ს იხდის, კიდევ უფრო ცხადი ხდება არსებული საგადასახადო სისტემის უსამართლობა.

თუ ამ ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების იგივე სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ რომ იქ პირიქით არის. არაპირდაპირო გადასახადების წილი ბიუჯეტში 32% -ია, ხოლო საშემოსავლოს გადასახადისა და სოციალური შენატანების ერთად 50%. გამონაკლის მხოლოდ ნეოლიბერალური ეკონომიკის მქონე რიგი ლათინური ამერიკის ქვეყნები წარმოადგენენ. 

რაც შეეხება კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს, ის მსოფლიოს 193 ქვეყანაში არსებობს. საქართველოში მინიმალური ხელფასი 1996 წელს თვეში 20 ლარით განისაზღვრა პრეზიდენტის ბრძანებულებით და მას მერე არ შეცვლილა. ამიტომ რთული სათქმელია შეიძლება თუ არა მას, მისი მოცულობიდან გამომდინარე ვუწოდოთ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი.

2019 წლის მონაცემებით 320 ათასი ადამიანის დარიცხული ხელფასი 500 ლარზე ნაკლები იყო – საშუალოდ 280 ლარი. ვითარება არც ახლა შეცვლილა. ანუ ჩვენ გვყავს სამასი ათასი დასაქმებული ღარიბი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის აუცილებლობას.

ისმის კითხვა, თუ როგორ განვსაზღვროთ მინიმალური ხელფასის ოდენობა?

ქვეყნებში, სადაც ძლიერი პროფკავშირი არსებობს, კანონით მინიმალური ხელფასის ოდენობისა და განსაზღვრის წესის დადგენის საჭიროება შეიძლება არც კი იდგეს. ძლიერი მშრომელთა გაერთიანებები ხშირად თვითონ მაკარნახებინა სატარიფო პოლიტიკას, როგორც დარგობრივ, ისე რეგიონულ და ნაციონალურ დონეზე, იქნება ეს სამმხრივი, თუ ორმხრივი პარტნიორობისა და მოლაპარაკებების ფარგლებში.

მაგრამ, ქვეყნებში სადაც უმუშევრობის დონე მაღალია, ინდუსტრიის წილი ეკონომიკაში მცირე და პროფკავშირები სუსტი აუცილებელია მინიმალური ხელფასის ოდენობისა და გაანგარიშების მეთოდოლოგიის კანონით განსაზღვრა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე დიდ საშემოსავლო ჯგუფის ხელფასი, რეალურ საარსებო მინიმუმზე, 450 ლარზე ნაკლები იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უამრავი სამუშაო ადგილი ვაკანტური რჩება. სრული დასაქმებისა და კოლექტიური შეთანხმებების პირობებში თვითონ დამსაქმებლები და დასაქმებულები შეთანხმდებოდნენ ხელფასის გონივრულ ოდენობაზე, მაგრამ ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განხორციელებულმა უპასუხისმგებლო პრივატიზაციამ გამოიწვია ქვეყნის სრული ზეინდუსტრიალიზაცია. ქვეყნის მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დღესაც კი 15% -ით ჩამორჩება 1989 წლის მაჩვენებელს . შედეგად სახეზეა ქრონიკული უმუშევრობა, რომლის მაჩვენებელიც 19% შეადგენს . პროფკავშირების საწინააღმდეგო პოლიტიკა და პროპაგანდა კი ართულებს პროფკავშირულ ბრძოლას. ამ რეალობის გათვალისწინებით, გამოსავალი კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის გაანგარიშების წესი და ოდენობაა.

გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებში კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის 45-50%-ს შორის მერყეობს. მედიანურს ჩვენი სტატისტიკა არ ითვლის. მინიმალური ხელფასი, სულ ცოტა, საარსებო მინიმუმზე მეტი მაინც უნდა იყოს, რათა ადამიანი დათანხმდეს ვაკანსიას. ამ შემთხვევაში დღევანდელი საშუალო ხელფასის (1325 ლარის) 45% პროცენტი (596 ლარი), ყოველწლიური ინდექსაციით კარგი საწყისი იქნებოდა.

იმ არგუმენტით რომ მინიმალური ხელფასი უმუშევრობას იწვევს, ჩემი და მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ინფიცირებულა კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ ერთხელ უკვე ჩააგდო 2020 წელს კენჭისყრაზე პარლამენტმა. სხვათა შორის, დევიდ ქარდმა 2021 წელს ნობელის პრემია სწორედ იმაში მიიღო, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მინიმალური ხელფასის დადგენის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების უსაფუძვლობა.

არადა საქართველოში მინიმალურ ხელფასის დადგენა არა მხოლოდ სიღარიბეს შეამცირებდა, არამედ ხელს შეუწყობდა დასაქმებას. არა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ მშრომელების გაზრდილი მსყიდველუნარიანობა წაახალისებდა ეკონომიკას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. არამედ ის შექმნიდა დასაქმების მოტივაციას.

დასაქმების მთავარი მოტივატორი ხელფასია და არა თვითრეალიზაციის სურვილი, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, რადგან სხვადასხვა დასაქმების პორტალებზე განთავსებული ვაკანსიების უმეტესობა და არსებული შრომის პირობები, ნამდვილად არ იძლევა თვითრეალიზაციის განცდის შესაძლებლობას. მოტივაციის წყაროდ გვრჩება მხოლოდ ხელფასი.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დასაქმებულთა ერთ-ერთი ყველაზე დიდ საშემოსავლო ჯგუფის ხელფასი, რეალურ საარსებო მინიმუმზე , 450 ლარზე ნაკლები იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უამრავი სამუშაო ადგილი ვაკანტური რჩება.

ამიტომ შემდეგი საპროტესტო აქცია არა აქციზისა თუ დღგ-ს გადასახადის შემცირების მოთხოვნით უნდა გაიმართოს, არამედ მინიმალური ხელფასისა და პროგრესული გადასახადის დასაწესებლად.

სახელმწიფო ხარჯები საქართველოში ისედაც მცირეა მთლიან ეროვნულ შიდა პროდუქტთან მიმართებაში. თუ ქვეყნების უმრავლესობის საბიუჯეტო ხარჯები მშპ – ს საშუალოდ 45 პროცენტს შეადგენს, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 32% პროცენტია. ამიტომ შემოსავლების ნებისმიერი კლება აქციზის გადასახადის გაუქმებითა თუ შემცირებით, ისევ ღარიბ მოსახლეობას მოაკლდებოდა სახელმწიფო განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სოციალური ხარჯების შემცირების საფუძველზე.

სწორედ ახლა არის დრო მინიმალური ხელფასისა და პროგრესული გადასახადის მოთხოვნისთვის. პროგრესული გადასახადი გაათავისუფლებდა დაბალშემოსავლიანებს ისედაც უსამართლო საგადასახადო წნეხისგან, ხოლო მინიმალური ხელფასი აღარ მისცემდა დამსაქმებელს მშრომელების აღვირახსნილი ექსპლუატაციის საშუალებას. ორივე რეფორმა გაზრდიდა დაბალშემოსავლიანთა მსყიდველუნარიანობას, შეამსუბუქებდა მათ ყოფას და შესაძლებლობას მისცემდა უკეთესად გამკლავებოდნენ გაძვირებულ ფასებს, როგორც საწვავზე, ისე სხვა ძირითად პროდუქტებზე. პროგრესული გადასახადის შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, უკვე არ დაბალშემოსავლიანების, არამედ მდიდრების ხარჯზე, რაც არის სოციალური სამართლიანობის ერთ ერთი მთავარი საფუძველი.

ბექა ნაცვლიშვილი

ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი

წყაროები:

  1. თბილისში მოქალაქეები საწვავის ფასთან დაკავშირებით აქციას მართავენ | საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” (interpressnews.ge) 
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)
  3. საგარეო ვაჭრობა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (geostat.ge)
  4. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი (mof.ge)
  5. OECD Tax Revenue: Sources of Revenue in the OECD, 2022 (taxfoundation.org)
  6. საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 735 მოქალაქეს აქვს | BM.GE
  7. გაანგარიშების მეთოდოლოგიათან დაკავშირებით იხილეთ: თუ რეფორმაა, რეფორმა იყოს • Forbes Georgia
  8. კანონმდებლობა – საქართველოს პარლამენტი (parliament.ge)